კულტურის სამინისტრო ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების ამჟამად მოქმედი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებას საჭიროდ მიიჩნევს
კულტურის სამინისტრო ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების ამჟამად მოქმედი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებას საჭიროდ მიიჩნევს

კულტურის სამინისტრო ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების ამჟამად მოქმედი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებას საჭიროდ მიიჩნევს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ხელყოფილია სვანური ცეკვა აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, მოწმობს, რომ დაცვის მექანიზმები საკმარისი არ არის.

„ქართული ცეკვა და მრავალხმიანი სიმღერა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფოს ძალისხმევით მხოლოდ ოთხ ქართულ ცეკვას მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ესენია: 1. ფერხული (2013 წ.), წარმდგენი -საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი; 2. ხორუმი (2013 წ.) წარმდგენი – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი; 3. აჭარული განდაგანას ხალხური ნაირსახეობები (2019 წ.) წარმდგენი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო; 4. ცეკვა ქართული (2020 წ.) წარმდგენი – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული ქალაქურ მრავალჟამიერს (2013 წ.) და ქართულ გალობას (2021 წ.).

ქართულ მრავალხმიანობას მოცემული სტატუსი 2014 წელს მიენიჭა, 2020 წელს კი ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი განესაზღვრა (2001 წელს UNESCO-ს მიერ აღიარებულია, როგორც მსოფლიო ხელთუქმნელი შედევრების ერთ-ერთი ნიმუში, ხოლო 2008 წლიდან UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში არის ნომინირებული).

თუმცა, გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ხელყოფილია სვანური ცეკვა აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, მოწმობს, რომ დაცვის ეს მექანიზმები საკმარისი არ არის.

სახელმწიფოს მიზანია, სათანადო დონეზე იყოს დაცული არა მხოლოდ ცეკვებისა და სიმღერების გარკვეული ნაწილი, არამედ ყველა ცეკვა და სიმღერა იმ სტატუსით, რაც კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობისთვის არის შესაბამისი. ამასთან, იმისათვის, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში იყოს ნომინირებული, ჯერ უნდა მოხდეს ეროვნულ დონეზე მისთვის შესაბამისი დამცავი სტატუსის განსაზღვრა. კერძოდ, უნდა მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შემდეგ უნდა განესაზღვროს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში ძეგლის ნომინირება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 16 თებერვალს კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა, რომლის წინაშეც დაისმება მოცემული საკითხი და სამინისტროს სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად დაიწყება მუშაობა მოცემული მიზნის მისაღწევად“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

დატოვე კომენტარი