კუბაზე ეროვნული ასამბლეის არჩევნები მიმდინარეობს
კუბაზე ეროვნული ასამბლეის არჩევნები მიმდინარეობს

კუბაზე ეროვნული ასამბლეის არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა. მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირება 18:00 საათამდე შეეძლებათ.

კუბის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს ქვეყნის პარლამენტის – ნაციონალური ასამბლეის 605 დეპუტატი, ასევე რეგიონული ასამბლეების 1200 დელეგატი. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი და თვითმმართველობის ორგანოები ხუთი წლის ვადით აირჩევა.

ქვეყანაში ერთადერთი ოფიციალური პოლიტიკური ორგანიზაცია კუბის კომუნისტური პარტიაა.

ნაციონალური ასამბლეის დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატია ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერი, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, 86 წლის რაულ კასტრო. კასტრომ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა ქალაქ სანტიაგო-დე-კუბაში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცა. რაულ კასტრო ხმის მისაცემად საარჩევნო უბნის გახსნამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა და ურნაში ბიულეტენი პირველმა ჩააგდო.

დეპუტატობის კანდიდატებს შორის არის კუბის ლიდერის შვილი მარიელა კასტრო. ამას გარდა, დეპუტატობის კანდიდატების სიაშია სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიგელ დიას-კანელი, რომელიც რაულ კასტროს სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნევა.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2018 წლის 19 აპრილს გაიმართება. სხდომაზე დეპუტატები უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს – სახელმწიფო საბჭოს 31 წევრს აირჩევენ. ამის შემდეგ საბჭო თავმჯდომარეს დანიშნავს, რომელიც სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური იქნება. 2008 წლიდან ამ თანამდებობას რაულ კასტრო იკავებს, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე უფროსი ძმა, კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო შეცვალა.

გასული წლის დეკემბერში რაულ კასტრომ განაცხადა, რომ 2018 წლის აპრილში თანამდებობას დატოვებს, თუმცა ნაციონალური ასამბლეის დეპუტატად დარჩება. ამას გარდა, ის სავარაუდოდ, კუბის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობასაც შეინარჩუნებს.