კუბის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე რაულ კასტრო მიგელ დიას-კანელმა შეცვალა
კუბის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე რაულ კასტრო მიგელ დიას-კანელმა შეცვალა

კუბას ახალი ლიდერი ჰყავს. სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე რაულ კასტრო მისმა მოადგილემ მიგელ დიას-კანელმა შეცვალა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე კუბის პარლამენტმა – ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა.

საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას 57 წლის დიას-კანელმა პირობა დადო, რომ კასტროს პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს. მისი თქმით, კუბის კომუნისტური პარტია ერის ერთიანობის ერთადერთი გარანტია.

კუბის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია. აღნიშნულ პოსტს 2008 წლიდან რაულ კასტრო იკავებდა, რომელმაც თანამდებობაზე უფროსი ძმა, კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო შეცვალა.

კასტროების ოჯახი კუბას თითქმის 60 წლის განმავლობაში ედგა სათავეში.

გასული წლის დეკემბერში რაულ კასტრომ განაცხადა, რომ 2018 წლის აპრილში თანამდებობას დატოვებს, თუმცა ნაციონალური ასამბლეის დეპუტატად დარჩება. ამას გარდა, 86 წლის რაულ კასტრო კუბის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობასაც შეინარჩუნებს.