კოვიდინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით ცესკო-სთან აქცია გაიმართა
„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა კოვიდინფიცირებულებისა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება მოითხოვეს. შეკრებილებმა ცესკო-ს თავმჯდომარეს მოუწოდეს, რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდეს, რათა ინფიცირებულებმა და იზოლაციაში მყოფებმა გადასატანი ყუთით ხმის მიცემის უფლებით ისარგებლონ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მიშა ქუმსიშვილმა განაცხადა, რეგისტრაციის 27 ოქტომბერს შეწყვეტა ნიშნავს, რომ მხოლოდ დღეის მდგომარეობით, ხმის მიცემის უფლება 10 000-ზე მეტ მოქალაქეს ეზღუდება.
„ჩვენი მოთხოვნა უცვლელია. 30 ოქტიმბრამდე გახანგრძლივდეს რეგისტრაციის ვადა. მხოლოდ დღეს 2 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა და იზოლაციაშიც ალბათ, 10 000-მდე პირი გადავიდა. ასე თუ გაგრძელდა, 30 ოქტომბრამდე 50 000-მდე ადამიანი ვერ მისცემს ხმას. ჩვენ ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და მივიდეთ არჩევნებზე. თუ თამარ ჟვანია არ მისცემს ადამიანებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, ჩვენ ხვალაც შევიკრიბებით და ყველას დავანახებთ, რა გასაოცარი დემოკრატია დაამყარა ბიძინა ივანიშვილმა“, – განაცხადა მიშა ქუმსიშვილმა.