„კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კიდევ ორი მედიკამენტის გამოყენების რეკომენდაცია გასცა
„კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კიდევ ორი მედიკამენტის გამოყენების რეკომენდაცია გასცა.
გაერო-ს ორგანიზაციის პანელის გადაწყვეტილებით, კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ რეკომენდებულია აშშ-ის ფარმაცევტულ გიგანტ „ელი ლილის“ მიერ შექმნილი მედიკამენტი „ბარიციტინიბი“, რომელიც „ოლუმიანტის“ ბრენდის სახელით იყიდება.
აღნიშნული მედიკამენტი, რომელიც ასევე გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, განკუთვნილია მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის. „ბარიციტინიბი“ ამცირებს ვენტილაციის საჭიროებას და დადგინდა, რომ აუმჯობესებს პაციენტების გადარჩენის შანსს არასასურველი რეაქციების გაზრდის გარეშე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასევე მისცა „პირობითი რეკომენდაცია“ მედიკამენტ „სოტროვიმაბს“, რომელიც არის ექსპერიმენტული მონოკლონური ანტისხეულების მკურნალობა მათთვის, ვისაც „კოვიდ-19“ მსუბუქი ფორმებით აქვს, მაგრამ საავადმყოფოში გადაყვანის ყველაზე მაღალი რისკის წინაშე არიან.
მონოკლონური ანტისხეულები არის ლაბორატორიაში შექმნილი ნაერთები, რომლებიც სხეულის ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმის იმიტირებას ახდენს. რეკომენდაციები ეფუძნება შვიდი ცდისგან მიღებულ მტკიცებულებებს, რომლებშიც მონაწილეობა 4 000-ზე მეტმა მსუბუქმა, მძიმე და კრიტიკულმა პაციენტმა მიიღო.