„კოვიდ-19“-ის პანდემიის საკითხზე 10 ნოემბერს ვირტუალური მინისტერიალი გაიმართება
„კოვიდ-19“-ის პანდემიის საკითხზე 10 ნოემბერს ვირტუალური მინისტერიალი გაიმართება

აშშ-ის ინიციატივით, 10 ნოემბერს „კოვიდ-19“-ის პანდემიის საკითხზე ვირტუალური მინისტერიალი გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, მსოფლიო უკვე ორი წელია, ებრძვის „კოვიდ-19“-ის პანდემიას და გახდა 5 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების, ეკონომიკის დანგრევისა და საარსებო სახსრების განადგურების თვითმხილველი. ჩნდება ვირუსის ახალი ვარიანატები, რაც პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით გაურკვევლობას ზრდის. ბლინკენის თქმით, მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესში, პროგრესის მიუხედავად, საჭირო შედეგები მიღწეული არ არის.

„ეს არის არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისი, ასევე უსაფრთხოების კრიზისი. მთავრობებმა უნდა მოახდინონ პოლიტიკური ნების მობილიზება წამყვან დაწესებულებებთან და საკვანძო სექტორებში ლიდერებთან ერთობლივი მუშაობისთვის, რათა ყურადღება გამახვილდეს როგორც პანდემიის დასრულებაზე, ასევე გლობალური ჯანდაცვის შესაძლებლობებისა და არქიტექტურის აღდგენაზე, რათა კოლექტიურად შევძლოთ ინფექციური დაავადებების გაჩენილი საფრთხეების პრევენცია, გამოვლენა და მათზე რეაგირება. ეს გლობალური პანდემია საჭიროებს გლობალურ ქმედებებს და მუდმივ ყურადღებას, სწორედ ამიტომ, მე ვიწვევ 10 ნოემბერს „კოვიდ-19“-ის საკითხზე ვირტუალურ მინისტერიალს“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.