კოტე იანტბელიძე - იაკობ გოგებაშვილს მიაჩნდა, რომ „დედა ენა“ ყოველთვის ექვემდებარებოდა განახლებას
„დედა ენა“არ არის ტექნიკური მოწყობილობა, ის ემოციური მექანიზმია, რომელიც მაშინ აქტიურდება, როგორც კი ბავშვთან ურთიერთმიმართებაში მოვა, – ამის შესახებ პედაგოგმა და საბავშვო წიგნების ავტორმა, კოტე იანტბელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ის არ არის ცალკე აღებული რაღაც გამოგონება, რომელიც ტექნიკურად დახაზულია და თუ ასე გააკეთებ, იმუშავებს, თუ არა და არა. გოგებაშვილის შეხედულებით, თავისი „დედა ენა“ არასოდეს იყო დასრულებული პროდუქტი. მას თვითონვე მიაჩნდა, რომ ის ყოველთვის ექვემდებარებოდა განახლებას“, – განაცხადა იანტბელიძემ.
მისი თქმით, ბავშვებმა ყველაზე კარგად იციან პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც საზოგადოებაში ისმის.
„რაც უნდა დიდი გამოცდილება ჰქონდეს ადამიანს, მათზე უკეთესად სხვამ არავინ იცის. გოგებაშვილი იმდენად ახლოს იცნობდა ბავშვებს, რომ ყოველი წლის ნაკადში ატყობდა ცვლილებას, ბავშვების უკუკავშირს იღებდა და მეორე მხრივ, იცოდა, თანამედროვე ტექნოლოგიები რა იყო; შეეძლო, ფოტო გაეფერადებინა, ასო-ბგერები გაემუქებინა და ა.შ. წარმოიდგინეთ, თუ რომელიმე რეგიონში ვერ ჩადიოდა, თუ იქაური რძალი იყო სოფელში, მიდიოდა და ეკითხებოდა, აბა, თქვენთან როგორი ანდაზებია, როგორი გამოთქმები და რა ხდებაო, რომ „დედა ენა“ უნივერსალური წიგნი ყოფილიყო“, – განაცხადა იანტბელიძემ.
როგორც იანტბელიძემ აღნიშნა, დღეს, ტექნოლოგიების საუკუნეში, „დედა ენაში“ აუცილებლად უნდა იყოს შეწყობილი თანამედროვე ტექნოლოგიები, თორემ სხვანაირად, არ გამოვა.
„აუცილებლად გვინდა სინჯების აღება, როგორ აღიქვამენ ამას ბავშვები. ოღონდ – ყოველწლიურად, თორემ სხვანაირად, არ გამოვა. ადვილი საქმე არ არის, მაგრამ ადვილი არაფერია, განსაკუთრებით, „დედა ენის“ შექმნა. პირველ კლასში ბავშვებისთვის სწავლება უფრო რთულია, ვიდრე უნივერსიტეტში. იქაც მისწავლებია და უნივერსიტეტშიც ვასწავლი, მაგრამ სკოლამდელი ასაკის მოედანზე სწავლება სასკოლო მოედანზე ბევრად რთული ამოცანაა. ამიტომ, ეს არ არის მარტივი საქმე. ყოველწლიურად, პულსზე სჭირდება ხელის დადება, ბავშვები რას აღიქვამენ სწორად და რას არა“, – განაცხადა იანტბელიძემ.
მისივე თქმით, გოგებაშვილის მეთოდი განყენებული ცნება არ იყო და ეს არის რეცეპტი, რომ ბავშვებისგან გაიგო სამოქმედო გეგმა, რა მოქმედებს და რა არა.
პედაგოგმა და საბავშვო წიგნების ავტორმა ასევე განაცხადა, რომ ყველანაირი საქმე უფრო უკეთ გამოვა და უფრო პროდუქტიული იქნება, თუ ამ საქმეში მონაწილეები მხარეები კი არ იქნებიან, არამედ შედეგზე იქნებიან ორიენტირებული.
„აი, ეს არის ამ ერთგვარი მოჯადოებული წრის გარღვევის გასაღები“, – განაცხადა კოტე იანტბელიძემ.