კოსტა-რიკა მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა
კოსტა-რიკა მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა.
კოსტა-რიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კოვიდვაქცინა ბავშვებისთვის უკვე სავალდებულო ვაქცინების ჩამონათვალში შევა.
5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას ქვეყანაში მომავალი წლის მარტიდან დაიწყებენ. კოსტა-რიკამ ამერიკულ კომპანია „ფაიზერთან“ ვაქცინის 3,5 მილიონი დოზის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმა, საიდანაც 1,5 მილიონი დოზა ბავშვებისთვის არის გათვალისწინებული, დანარჩენი კი, ე.წ. „ბუსტერ-დოზებად“ გაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ კოსტა-რიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ზრდასრულებისთვის სავალდებულო ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში გახდა.
კოსტა-რიკაში, რომლის მოსახლეობა ხუთ მილიონს შეადგენს, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 55%. ამასთან, აცრის სულ მცირე ერთი დოზა გაკეთებული აქვს 12-დან 19 წლამდე ასაკის მოქალაქეების 70%-ზე მეტს.