ადამიანის ხედვა ტალღის სიგრძის მხოლოდ გარკვეული დიაპაზონით შემოიფარგლება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვერასოდეს გავიგებთ სინათლის მთელ კომპლექსურობას ჩვენს სამყაროში.
სხვადასხვა ხელსაწყოს კოსმოსის ისეთი ნაწილების აღქმა შეუძლია, რომლებიც ჩვენი თვალისთვის სრულიად უხილავია, გვიჩვენებენ არა მხოლოდ ვარსკვლავთა დინამიკას, არამედ მათ სრულიად შემაძრწუნებელ სილამაზესაც. სწორედ ამას ვხედავთ ჩანდრას რენტგენული ობსერვატორიის მიერ გადაღებული ფოტოების ახალ კოლექციაში, რომელიც უფრო მრავალი ტალღის სიგრძის ხედების შექმნისთვის, აერთიანებს სხვა ინსტრუმენტთა მონაცემებსაც.
იმის გამო, რომ სინათლის სხვადასხვა ტალღის სიგრძეს სხვადასხვა ენერგია აქვს, ეს ფოტოები გვიჩვენებს კოსმოსურ ობიექტთა დინამიკას დაბალი ენერგიიდან მაღლისკენ. ეს კი მეცნიერებს მათ მიღმა არსებულ მექანიზმთა გარკვევაში ეხმარება.
ფოტოზე მოცემული R მერწყული, ჩანდრასგან რენტგენულ დიაპაზონში (იისფერი) და ახლო ინფრაწითელი ოპტიკური ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისგან (წითელი და ცისფერი), წარმოადგენს ერთმანეთის გარშემო მოძრავ ვარსკვლავთა წყვილს დედამიწიდან 650 სინათლის წლის მანძილზე. ერთი ვარსკვლავი მირას ცვალებადის სახელით ცნობილი წითელი გიგანტია, რომელიც სიცოცხლის მიწურულს იმყოფება. ამ სახის ვარსკვლავებს უკვე დაკარგული აქვთ საკუთარი მატერიის სულ მცირე ნახევარი და ისინი პულსირებენ, ამ დროს მზეზე ათასჯერ კაშკაშები არიან.
მეორე ვარსკვლავი თეთრი ჯუჯაა — მკვდარი ვარსკვლავი, რომელმაც უკვე ამოწურა ბირთვული საწვავი. ამ წყვილში, წითელი გიგანტის მიერ გამოტყორცნილ მატერიას თეთრი ჯუჯა სანსლავს. ეს მატერია მის ზედაპირზე გროვდება და დროგამოშვებით იწვევს უზარმაზარ თერმობირთვულ აფეთქებებს, რა დროსაც მატერია კოსმოსში იტყორცნება.
ასეთი სასტიკი ურთიერთქმედება წყვილის გარშემო წარმოქმნის გაზისა და მტვრის ნისლეულს.
ჩვენგან 11 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე კასიოპეა A ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კარგად შესწავლილი ობიექტია ირმის ნახტომში. მას სუპერნოვას ნარჩენს უწოდებენ — ეს არის მასიური ვარსკვლავის აფეთქების ნარჩენები. ფოტოზე ჩანდრას რენტგენულ მონაცემებს ტელესკოპ Very Large Array-ს (მუქი იისფერი, ცისფერი და თეთრი) და ჰაბლის (ნარინჯისფერი) მონაცემები ერწყმის.
ასეთი სხვადასხვა ტალღის სიგრძე ცხადყოფს, რა ხდება სინამდვილეში გაფართოებად ღრუბელში, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის ნარჩენებისგან შედგება. კომბინირებული მონაცემებით მეცნიერებს შეუძლიათ აფეთქებაში ჩართული სხვადასხვა ელემენტების იდენტიფიცირება. მხოლოდ ჩანდრას მონაცემები მეტყველებს, რომ აფეთქებულმა ვარსკვლავმა გამოტყორცნა დედამიწის მასაზე 10 000-ჯერ მეტი გოგირდი, 20 000-ჯერ მეტი სილიციუმი, 70 000-ჯერ მეტი რკინა და მილიონჯერ მეტი ჟანგბადი.
ეს ინფორმაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან გვეუბნება, რა ელემენტები წარმოიქმნება ვარსკვლავის სიკვდილისას. ამ მონაცემების საფუძველზე კი, მეცნიერებს ბევრი რამის გარკვევა შეუძლიათ ცოცხალ ვარსკვლავთა შესახებ, რათა პროგნოზები გააკეთონ მსგავს ვარსკვლავთა შესახებ ჩვენს გალაქტიკაში.
ამ ფოტოზე ასახულია ერთი მკვდარი ვარსკვლავის, სახელად PSR B2224+65-ის ორი სხვადასხვა ეფექტი. ვარდისფერი ზოლები ნეიტრონული ვარსკვლავის ერთ-ერთი ტიპის, პულსარის პოლუსებიდან გამოტყორცნილი რენტგენული გამოსხივება. პულსარი არის მკვდარი მასიური ვარსკვლავის კოლაფსირებული ბირთვი, რომელიც ბრუნვისას პულსირებად რადიაციას გამოსცემს.
ამას გარდა, PSR B2224+65 ე. წ. გაქცეული ვარსკვლავია; ის გალაქტიკაში წამში 1600 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდება. ასეთი მოძრაობა ვარსკვლავთშორის სივრცეში ერთგვარ ნაკვალევს წარმოქმნის.
სამყაროს ობიექტთა ერთ-ერთი უდიდესი კოლექციაა გალაქტიკათგროვები. ასეთ გროვებში ათასობით გალაქტიკაა, რომლებსაც ერთად გრავიტაცია კრავს და ერთმანეთთანაც გრავიტაციით ურთიერთქმედებენ. ფოტოზე მოცემული გროვა, სახელად აბელ 2597 ჩვენგან დაახლოებით მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული. მულტი ტალღის სიგრძის ასტრონომია ასტრონომებს მისი ცენტრალური სუპერმასიური შავი ხვრელის ქცევის შესწავლაში ეხმარება.
სულ რამდენიმე წლის წინ, ასტრონომებმა მიაგნეს მტკიცებულებას, რომ ეს მონსტრი მოლეკულურ გაზს ისვრის, როდესაც მატერიას გრავიტაციულად იერთებს. ეს მოლეკულური გაზი შემდეგ კვლავ შავ ხვრელში ჩაედინება და შთანთქმის ციკლი ხელახლა იწყება. ამ ფენომებს „ფანტანს“ უწოდებენ. გარეთ მიმართულ ცხელ და შიგნით მიმართულ ცივ ნაკადებს ორი სხვადასხვა ინსტრუმენტით დააკვირდნენ; შემდეგ კი ჩანდრას რენტგენულმა მონაცემებმა ცხადყო, რომ ისინი ერთი და იგივე პროცესის შემადგენელი ნაწილია.
და ბოლოს, ამ ფოტოზე ასახულია ერთმანეთთან შერწყმული ორი გალაქტიკა. მისი სახელია NGC 4490. მულტი ტალღის სიგრძის ასტრონომიამ მისი ბირთვის საიდუმლო გამოამჟღავნა. აღმოჩნდა, რომ მას არა ერთი, არამედ ორი სუპერმასიური შავი ხვრელი აქვს, რომელთაგან ერთი მხოლოდ ოპტიკურ მონაცემებში ჩანს, მეორე კი რადიო და ინფრაწითელში.
ორმაგი ბირთვი სწორედ ამ შერწყმის პროცესის დამსახურებაა; ორივე გალაქტიკას თავ-თავისი სუპერმასიური შავი ხვრელი ჰქონდა. საბოლოოდ ერთმანეთს ეს ორი შავი ხვრელიც შეერწყმება და წარმოიქმნება ერთი გაცილებით დიდი, მონსტრი შავი ხვრელი.
სურათი აერთიანებს ჩანდრას რენტგენულ (იისფერი) და ჰაბლის ოპტიკურ (წითელი, მწვანე, ცისფერი) მონაცემებს.
ფოტოების უფრო დიდი ვერსიების ნახვა შეგიძლიათ ჩანდრას კოსმოსური ობსერვატორიის ვებგვერდზე.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.