კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი
ხვალ გავაცნობთ მოსახლეობას, თუ რა ტიპის შეზღუდვები და რომელი რიცხვიდან იქნება დაწესებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გრძელდება კონსულტაციები ბიზნესთან და არსებობს ორი ვერსია, თუ რომელ ფორმატში განხორციელდება შეზღუდვები.
„ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სხვა სფეროს წარმომადგენლებთან. გვაქვს ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომელსაც ექსპერტები და ეპიდემიოლოგები სთავაზობენ თავის მხრივ მთავრობას. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ველოდებით ინფიცირებულების მნიშვნელოვან შემცირებას, ეს ყველაფერი იქნება ეტაპობრივი. დავაკვირდებით კლების პროცენტს და ორკვირიანი პერიოდის შეფასების შემდეგ, შეიძლება შემოვიღოთ მეტად გამკაცრებული სქემა ან პირიქით, შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მეტად მოქნილ გრაფიკზე გადაყვანას. ხვალ გავაცნობთ მოსახლეობას, თუ რა ტიპის შეზღუდვები და რომელი რიცხვიდან იქნება დაწესებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.