ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტრო ევროკავშირის დახმარებით ჯანდაცვის სექტორის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიაზე მუშაობს
ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტრო ევროკავშირის დახმარებით ჯანდაცვის სექტორის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიაზე მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტრო ევროკავშირის დახმარებით ჯანდაცვის სექტორის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიაზე მუშაობს. საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს მორიგი შეხვედრა ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. საბჭოს წევრების თქმით, სტრატეგია საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღიარებული პრინციპებისა და ფასეულობების შესაბამისი უნდა იყოს.

პრიორიტეტული მიმართულებები კი ხარისხიანი სამედიცინო სერვისების განვითარება, დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება, პირველადი ჯანდაცვისა და სახელმწიფო სექტორის გაძლიერება წარმოადგენს.

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა ევროკავშირის „საჯარო მმართველობის რეფორმის“ პროექტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„პირველადი ჯანდაცვა სამედიცინო სერვისებისა და ხელმისაწვდომობის სწორი განვითარების საწყისი საფუძველია. მას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სწორი დანახარჯებისა და ინვესტიციის კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება წარმოადგენს და ეს ჩვენი გამოწვევაა. ჯანდაცვის სექტორის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში ევროკავშირის ჩართულობა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. სწორედ მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით, უფრო ეფექტურად და შემჭიდროვებულ ვადებში შევძლებთ იმ ხარისხიანი და სწორი რეფორმის გატარებას, რომელსაც დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

ევროკავშირის „საჯარო მმართველობის რეფორმის პროექტის“ ჯანდაცვის ექსპერტ ლაიოშ კოვაჩის თქმით, სტრატეგის მთავარ მიმართულებას ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ჯიბიდან დანახარჯების შემცირება წარმოადგენს.

„ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის წინ დაიწყო ჯანდაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება. სამწუხაროდ, „კოვიდ-19“-მა ზეგავლენა მოახდინა პროცესის დასრულების ვადებზე. ევროკავშირი დახმარებას უწევს სამინისტროს სტრატეგიის შემუშავების პროცესში. უკვე ჩამოყალიბებულია ძირითადი პრიორიტეტები და მიზნები. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიის მთავარ მიმართულებას ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ჯიბიდან დანახარჯების შემცირება წარმოადგენს“, – განაცხადა ევროკავშირის „საჯარო მმართველობის რეფორმის პროექტის“ ჯანდაცვის ექსპერტმა ლაიოშ კოვაჩმა.

ჯანდაცვის სამინისტრო მარტის ბოლომდე, საბჭოს ფორმატში, დეტალურ დისკუსიებს გააგრძელებს სელექტიური კონტრაქტირების, პირველადი ჯანდაცვის განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების, ასევე ფინანსური დაცვის გაუმჯობესების თაობაზე, რის შემდეგაც სპეციალურ დოკუმენტს შეიმუშავებს.