კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი შემთხვევიდან სამი შემოტანილია, ერთის წყაროს მოძიება კი გრძელდება
კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი შემთხვევიდან სამი შემოტანილია, ერთის წყაროს მოძიება კი გრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან სამი შემოტანილია, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია და წყაროს მოსაძიებლად ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, ახალინფიცირებულებს შორის ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთ პაციენტს კი ვირუსი საკარანტინო სივრცეში გამოუვლინდა.

„ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვყავს და გამოჯანმრთელებულების რიცხვი სამით გაიზარდა. ოთხი ახალი შემთხვევიდან სამი არის შემოტანილი, ორი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა. მეოთხეს წყაროს მოძიება ჯერჯერობით გრძელდება და ალბათ ამ ჩაღრმავებული კვლევების შედეგად მიკვლეული იქნება. როგორც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევა თბილისშია დადასტურებული. თითქმის ყველას წყარო დადგენილია, რაც კი დადასტურებული შემთხვევა გვყავს და ალბათ, ესეც დადასტურდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში ახალი კორონავირუსით 26 პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

„ჩვენთან ერთი გამოჯანმრთელდა, დაგვემატა სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 26 დადასტურებული შემთხვევა. სამივე იმპორტირებულია, ერთი სომხეთიდან და ორი ყირგიზეთიდან შემოტანილი შემთხვევაა. სამივესთან დადასტურებულია დიაგნოზი საკარანტინო სივრცეში კონტროლის პერიოდში. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მხოლოდ ერთთან აღინიშნება პნევმონია და ისიც არა მძიმე. დანარჩენი პაციენტების მსგომარეობაც სტაბილურია, არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მასზე მაუბუქია“, – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ამჟამად კოვიდ-ცენტრებში 115 ინფიცირებული რჩება.