კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა შიდა გავრცელებას არ უკავშირდება და ინფიცირების წყარო ცნობილია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი ბათუმში იმყოფება.
მისივე თქმით, კიდევ ორიდან ერთი უკვე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ერთს კი ახლა შეიყვანენ.
ეზუგბაია ამბობს, რომ ოთხივესთან დაკავშირებით ინფიცირების წყარო ცნობილია და ყველა ე.წ. იმპორტირებული შემთხვევაა.
„დილის შემდეგ დაემატა ოთხი დადასტურებული შემთხვევა, გახდა 218. ოთხივე შემთხვევაში წყარო ცნობილია. ეს არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა. აქედან ორი პაციენტი არის ბათუმში, ორი ჩვენთან. ერთი უკვე მოყვანილია, მეორე გზაშია. ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ არ ვიცით. ჩვენთან რომ შემოვლენ და ჩავატარებთ გაფართოებულ კვლევას, შემდეგ გვეცოდინება“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება ვირუსის შიდა გავრცელების შემთხვევებს, მარინა ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მათ ცენტრში ასეთი მხოლოდ სამი პაციენტია.
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კი ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ინფექციური საავადმყოფოს შვიდ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს.
„გვყავს შვიდი მძიმე პაციენტი პნევმონით და ამ შვიდიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ორი პაციენტი, რომელთანაც გარკვეულწილად დაავადება ჯერ პროგრესირებს, სტაბილურობა ვერ იქნა მიღებული. დანარჩენ ხუთში მიღებულია სტაბილიზაცია და იმედი გვაქვს, მალე დაიწყება გამოჯანმრთელების პროცესი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას განმარტებით, ამ ეტაპზე მათ ცენტრში კორონავირუსისგან 37 პაციენტია გამოჯანმრთელებული.
„დღეს არ შეგვმატებია, ამ დღეებში დაიწყება გამოჯანმრთელების თვალსაზრისით შემდგომი პაციენტების ტესტირება “ , – დასძინა ეზუგბაიამ.
ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ტესტი დღეს 10 პაციენტს ჩაუტარდა და კოვიდ19 არც ერთს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 218 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 50 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.