სალომე ზურაბიშვილი - ბრძოლა არ დამთავრებულა, ჯერ კიდევ შუაგულ კრიზისში ვართ, არ უნდა მოვდუნდეთ, საჭიროა ბევრი მოთმინება, გონიერი ნაბიჯები და სახლში დარჩენა
სალომე ზურაბიშვილი - ბრძოლა არ დამთავრებულა, ჯერ კიდევ შუაგულ კრიზისში ვართ, არ უნდა მოვდუნდეთ, საჭიროა ბევრი მოთმინება, გონიერი ნაბიჯები და სახლში დარჩენა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემამ, ხელისუფლებამ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი ქმედებებით კარგი მაგალითი აჩვენა.

მისივე თქმით, მთელმა მსოფლიომ დაინახა და აღნიშნა ექიმების მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯები, მთავრობის დროული რეაგირება და საზოგადების მიერ გამოხატული პასუხისმგებლობა.

„ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ყველა ჩვენმა მოქალაქემ ძალიან დიდი მაგალითი მოგვცა ამ დღეებში იმისი, თუ როგორ შეიძლება მოვიქცეთ. ის ნაბიჯები, რაც გადადგმული იყო, ჩვენი ექიმების მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯები, ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმული დროული ნაბიჯები, ის თვითშეგნება, რომელიც გამოჩენილი იყო მთელი საზოგადოების მიერ და ეს არის ის, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა და აღნიშნა“ , – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თუმცა, პრეზიდენტის განმარტებით, ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა და მოდუნება არ შეიძლება.

„ჯერ ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, ჩვენ ჯერ კიდევ შუაგულ კრიზისში ვართ და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა, არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ გადარჩენილი ვართ. არ ვართ ჯერ გადარჩენილი, ეს მოითხოვს ჩვენგან ჯერ კიდევ ბევრ მოთმინებას, ბევრ გონიერ ნაბიჯებს და მოითხოვს ჩვენგან, რომ ჯერ კიდევ სახლში დავრჩეთ“ ,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ექიმებს, მედპერსონალს, ჯარისკაცებს, მათ, ვინც საზღვარზე დგანან მადლობა გადაუხადა. ასევე, პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დიპლომატიურ უწყებას, რომლებიც მძიმე ეპიდემიური ვითარების მქონე ქვეყნებში ემიგრანტებს ეხმარებიან.

„მინდა, ყველას უდიდესი მადლობა ვუთხრა. ექიმები, მედპერსონალი, ის ადამიანები, რომლებიც საზღვარზე დგანან, ჯარისკაცები. მინდა, ძალიან განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს დიპლომატიურ უწყებას, რომელიც წინა ფრონტზე იბრძვის იმ ქვეყნებში, სადაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა და ეხმარებიან ჩვენს ემიგრანტებს. მინდა, რომ ყველამ მიიღოს ეს მადლობა, რადგან ყველას ეკუთვნის მადლობა დღევანდელ დღეს“ , – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი არის სოლიდარობა, რომელიც საზოგადოებამ გამოიჩინა კიდეც.

„სოციალურად გამოვიჩინეთ, საზოგადოებამ გამოიჩინა, ჩვენმა კერძო სექტორმა გამოიჩინა, თითოეულმა ადამიანმა გამოიჩინა სოლიდარობა. სოლიდარობა გამოვიჩინეთ, როცა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე ვრცელდება ყველა ის საშუალება, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გამოვიჩინეთ სოლიდარობა ემიგრანტების მიმართ, როცა მათ ვაბრუნებთ ყველა შესაძლებლობებით,რაც გვაქვს. ეს არის ის საიდუმლო იარაღი, რაც საქართველოს გააჩნია. ჭირში სოლიდარობა ყოველთვის იყო ჩვენი კულტურის და თქვენი ღირებულებები ერთ-ერთი მაჩვენებელი და დამახასიათებელი, ეს სოლიდარობა, დღეს რაც გამოვიჩინეთ, არის ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს. დაგვჭირდება კიდევ სოლიდარობა, რადგან ამ დიდ კრიზისს მოყვება კიდევ ეკონომიკური და სოციალური ძალიან დიდი სირთულეები, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ და მზად უნდა ვიყოთ, რომ ერთიანად დავხვდეთ ამ შემდეგ ეტაპსაც“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.