კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, თბილისში ამ ეტაპზე 42 ბაღია დახურული
საბავშვო ბაღების გახსნიდან, პირველი მარტიდან დღემდე, აღსაზრდელებსა და პერსონალს შორის კორონავირუსის დადასტურების გამო 46 ბაღი დაიხურა. მათგან ოთხმა ორკვირიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ მუშაობა კვლავ განაახლა. შესაბამისად, ამ ეტაპზე 42 ბაღია დახურული.
როგორც საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, ვირუსის გამოვლენისთანავე ბაღი დროებით იხურება.
„საბავშვო ბაღებში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტის გამოვლენისთანავე დაწესებულება გადადის კარანტინის რეჟიმში. საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ კი ხდება სააღმზრდელო პროცესის აღდგენა. კვლავ ზედმიწევნით ხდება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების შესრულება, რათა მაქსიმალურად დავიცვათ პერსონალისა და აღსაზრდელების ჯანმრთელობა. პარალელურად, ორ კვირაში ერთხელ ყველა ბაღის პერსონალს უტარდება ტესტირება კორონავირუსზე, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.