თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყება
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყება.

აღნიშნულ ეტაპზე აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.

ამასთან, როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განმარტავენ, მშობლებმა რეგისტრაციის გავლისას უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2021 წლის 15 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.

„ელექტრონულად დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge. რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს.

რეგისტრაცია გაგრძელდება ადგილების შევსებამდე. ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ, 21 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე.

დარეგისტრირებული აღსაზრდელის მშობელმა საჭირო საბუთები – დაბადების მოწმობის ასლი, ორი ფოტოსურათი (ბიომეტრიული), ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა და მშობლების პირადობის მოწმობის ასლი უნდა წარადგინოს შესაბამის ბაღში“, – აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს, 10:00 საათიდან დაიწყება.

თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი 11 ივნისს დაიწყო და რეგისტრაციის შესაძლებლობა ჰქონდათ კონკრეტული სტატუსის მქონე ბენეფიციარებს.

ამასთან, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს საზაფხულო ბაღების პროექტი არ განხორციელდება.