კორონავირუსის გამო, რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ 22 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმი გადაიდო
კორონავირუსის გამო, რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ 22 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმი გადაიდო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ახალი კორონავირუსის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე 22 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმის გადადების შესახებ განაცხადა.

პუტინის თქმით, აბსოლუტური პრიორიტეტი ადამიანების ჯანმრთელობაა.

„ჩვენთვის აბსოლუტური პრიორიტეტი არის ადამიანების ჯანმრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ხმის მიცემა უნდა გადავადდეს. შევაფასებთ, როგორ განვითარდება სიტუაცია რეგიონებშიც, ზოგადად, ქვეყანაშიც და მხოლოდ პროფესიონალურ მოსაზრებაზე, ექიმების, სპეციალისტების  რეკომენდაციებზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას ხმის მიცემის ახალ თარიღთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ქვეყანაში მომავალი კვირა უქმედ გამოაცხადა. ამასთან, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, მათ შორის, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები მუშაობას გააგრძელებს.

პუტინის თქმით, უქმეები დაავადების გავრცელების სიჩქარეს შეამცირებს.

„ნუ იფიქრებთ, როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე – მე ეს არ შემეხება, ეს შესაძლოა, ყველას შეეხოს და ის, რაც ბევრ უცხოურ ქვეყანაში ხდება, შესაძლოა, ჩვენს ახლო მომავლად იქცეს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, მსოფლიოში დაავადებულთა რიცხვი კვლავ იზრდება, ასევე მსოფლიო ეკონომიკა დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.

„ჩვენს საზღვრებთან არიან სახელმწიფოები, რომლებიც ეპიდემიით სერიოზულად არიან დაზარალებული და ჩვენს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების სრულად ბლოკირება ობიექტურად  შეუძლებელია“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

რუსეთის პრეზიდენტმა მედიკოსებს მიმართა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა, მოქალაქეებს კი,  ხელისუფლებისა და ექიმების რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მოსახლეობისთვის სხვადასხვა სოციალური შეღავათის შემოღების შესახებ ისაუბრა, რომელთა შორის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, უმუშევრობის შემწეობის გაზრდა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის კრედიტების გადავადება,  კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათები და სხვა საკითხებია.

რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 658 შემთხვევა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 163-ით გაიზარდა, რომელთაგან 120 მოსკოვშია  რეგისტრირებული.