იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, უნივერსიტეტებსა და სკოლებში მინიმუმ 15 მარტამდე სასწავლო პროცესი შეწყდა. აქამდე დახურული იყო სასწავლო დაწესებულებები მხოლოდ იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
მთავრობა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად სხვა საგანგებო ზომებზეც მსჯელობს.
ამასთან, იტალიაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 107-მდე გაიზარდა. სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი კი 2502-დან 3089-მდე გაიზარდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, კორონავირუსის წინააღმდეგ ზომების მისაღებად მთავრობა სპეციალურ განკარგულებას ამზადებს.
„ეფექტიანობის მიუხედავად, ჩვენი საავადმყოფოები გადატვირთვის საფრთხის წინაშეა. გვაქვს პრობლემები ინტენსიური თერაპიის განყოფილებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, იტალიის მთავრობის დადგენილების პროექტი საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვას, კინოსა და თეატრების დახურვას ითვალისწინებს, ასევე მოქალაქეებს ურჩევს, დაიცვან სულ მცირე ერთი მეტრის დისტანცია, უარი თქვან ხელის ჩამორთმევასა და ყველა სახის მჭიდრო ფიზიკური კონტაქტისგან თავი შეიკავონ. ამას გარდა, განკარგულებით, ყველა მასშტაბური სპორტული ღონისძიება მაყურებლების გარეშე გაიმართება.
ეკონომიკის მინისტრის, ლაურა კასტელის თქმით, მთავრობამ გაითვალისწინა სასწავლო პროცესის შეწყვეტით მშობლების წინაშე შექმნილი სირთულეები, ამიტომ, სამინისტრო ამზადებს განკარგულებას, რომელიც მშობლებს სახლებში დარჩენის უფლებას მისცემს.