კორონავირუსის გამო, იტალიაში სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა კომერციული დაწესებულება დაიხურება
კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში დაიხურება ყველა კომერციული დაწესებულება, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ტელემიმართვაში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა.
„ძალიან ვაფასებ თქვენს ძალისხმევას. დადგა დრო, მომდევნო ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენ ვხურავთ ყველა კომერციულ დაწესებულებას, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა“, – განაცხადა კონტემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურება რესტორნები და ბარები. მუშაობას გააგრძელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე ბანკები და სადაზღვევო კომპანიები. ქარხნები კი, მუშაობას უსაფრთხოების ზომების დაცვით გააგრძელებენ.
იტალიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 196 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვი 827-ს შეადგენს. ამასთან, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა 2000-ით და ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ამჟამად იტალიაში კორონავირუსის დიაგნოზი 12462 ადამიანს აქვს.