კორონავირუსის გამო, CO2-ის გამოყოფა სავარაუდოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა
კორონავირუსის გამო, CO2-ის გამოყოფა სავარაუდოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა

მაშინ, როდესაც კაცობრიობის დაახლოებით მესამედი COVID-19-ის პანდემიის გამო კარანტინშია, მსოფლიო თითქოს გაჩერებულია. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ზომების გამო ხალხი სახლში რჩება და შესაბამისად, გაჩერებულია ქარხნები, აღარ ოპერირებს მრავალი ავიაკომპანია და ა. შ. ჩინეთის, იტალიის და სხვა ქვეყნების თავზე გადაღებულმა თანამგზავრულმა ფოტოებმა, რომლებზეც კარგად ჩანს, რამდენად არის შემცირებული ჰაერის დაბინძურების დონე, მეცნიერებს უბიძგა შეეფასებინათ ის გავლენა, რაც შეიძლება ამჟამინდელ პანდემიას ჰქონდეს ჩვენს გარემოზე.

„სულაც არ გამიკვირდება, თუ წელს ნახშირორჟანგის გამოყოფის 5-პროცენტიან ან უფრო დიდ შემცირებას ვნახავ, ასეთი რამ კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა“, — ამბობს ნახშირბადის გლობალური პროექტის თავმჯდომარე და სტენფორდის უნივერსიტეტის დედამიწის სისტემების მეცნიერებათა პროფესორი რობ ჯეკსონი.

მისივე თქმით, სხვადასხვა აირების გამონაბოლქვზე გასული 50 წლის განმავლობაში ისე არც საბჭოთა კავშირის დანგრევას უმოქმედია და არც რომელიმე ფინანსურ კრიზისს, როგორც ახლანდელი კორონავირუსის კრიზისი მოქმედებს.

თუმცა, გამონაბოლქვის ამჟამინდელი შემცირება გამოიწვია ექსტრაორდინარულმა გარემოებამ და არა სტრუქტურულმა ცვლილებამ. გამომდინარე აქედან, კლიმატის მეცნიერთა პროგნოზით, ეს შემცირება დროებითი იქნება და COVID-19-ის პანდემიის დასრულებიდან მალევე დაუბრუნდება მანამდე არსებულ დონეს.

„ფართოდ შეინიშნება სათბურის აირების ფიზიკური შემცირება, რაც გამოწვეულია კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ სამრწეველო და სატრანსპორტო ქსელების დახურვით“, — ამბობს ინგლისის რედინგის უნივერსიტეტის პროფესორი კრის ჰილსონი.

მისივე თქმით, ამ ყველაფერმა მოგვიტანა გაცილებით სუფთა ჰაერი, წყალი, შემცირდა ბუნებისადმი ჩვენგან მიყენებული ზიანი მაგრამ ასეტი მდგომარეობა მაინც დროებითია.

სხვა კვლევითი დაწესებულებები სათბურის აირების გამოყოფის ამჟამინდელი შემცირებისას მსგავსებას ხედავენ 2007-2008 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან. მაშინ აირების გამოყოფა 1,5 პროცენტით შემცირდა. ამ სახის უკუქცევა ახლა დაფიქსირდა ჩინეთში, სადაც ექვსი უმსხვილესი კომპანიის მიერ მოხმარებული ქვანახშირის ოდენობა ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდა.

გარემოს კვლევის ორგანიზაცია Breakthrough Institute-ის გათვლებით, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მიღებული ზომების გამო, CO2-ის გლობალური გამოყოფა 0,5-2,2 პროცენტით უნდა შემცირდეს. მიუხედავად ამისა, დაბინძურება უკვე იმდენად შორის არის წასული, რომ ეს უბრალოდ ზღვაში წვეთია; აუცილებლად გასახსენებელია 2019 წლის ნოემბერში გაერო-ს მიერ გამოქვეყნებული მოხსენება, რომლის მიხედვითაც, იმისათვის, რათა 2030 წლისთვის არ გადავაბიჯოთ პარიზის შეთანხმების მიერ დასახულ ამბიციურ გეგმას — ტემპერატურის 1,5 გრადუსით მატებას, საჭიროა, რომ სათბურის აირების გამოყოფა მომდევნო ათწლეულში წლიურად 7,6 პროცენტით შემცირდეს.

მომზადებულია Reuters-ისა და iflscience.com-ის მიხედვით.