კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან რვა ლილოს ბაზრობაზე დაფიქსირდა, ასევე ინფიცირებულია სამედიცინო პერსონალის ერთი წარმომადგენელი
კორონავირუსის დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რვა ლილოს ბაზრობაზე დაფიქსირდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ 1104-ს შეადგენს, ასევე გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 912 გახდა. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 214 ინფიცირებული მკურნალობს.
„19 პაციენტის კონფიგურაცია კი, ასეთი გახლავთ: რვა შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან; ხუთი შემთხვევა – გაჩიანიდან; ორი შემთხვევა შემოტანილია, იმპორტირებული, აქედან ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია; ერთი შემთხვევა გახლავთ სამედიცინო პერსონალი და სამ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.