კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 370 აჭარაში გამოვლინდა, რეგიონში გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი, ერთი კი გარდაიცვალა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 370 აჭარაში გამოვლინდა, რეგიონში გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი, ერთი კი გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 370 აჭარაში გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთაგან 211 აჭარიდან არის. ასევე, აჭარაში გარდაიცვალა ორი პაციენტიდან ერთ-ერთი.

გარდაცვლილი 90 წლის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 22 სექტემბერს შეიყვანა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის დიაგნოზი იყო „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: პარკინსონის დაავადება.

როგორც აჭარის ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აჭარაში მკურნალობას კლინიკებში 462 პაციენტი გადის, მათ შორის 14 არასრულწლოვანია, 19 – ორსული.
რეანიმაციაში მოთავსებულია – 23 პაციენტი.

კლინიკებში რჩება 61 თავისუფალი საწოლი.

აჭარის კოვიდსასტუმროებში იმყოფება 735 პირი, მათ შორის, 75 არასრულწლოვანი. სასუმროებში 459 ადგილია თავისუფალი.

აჭარაში ბინაზე 1000-მდე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია ცხრა სამედიცინო დაწესებულება (კოვიდკლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი.

კოვიდდადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია შვიდი საკარანტინო სივრცე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი, ორი კი გარდაიცვალა.