რამდენიმე დღის წინ ბელგიაში კატას კორონავირუსი დაუდასტურდა. ცხოველს აღენიშნებოდა ფაღარათი, ღებინება, სუნთქვის გაძნელება. ბელგიის კვების ჯაჭვის უსაფრთხოების ფედერალური სააგენტოს ცნობით, ერთი კვირით ადრე, COVID-19 კატის პატრონსაც დაუდასტურდა.
იმავ დღეს, ჰონგ-კონგის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და კონსერვაციის დეპარტამენტმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ პომერანული შპიცის ჯიშის 17 წლის ძაღლი, რომელსაც მანამდე SARS-CoV-2-ის „სუსტი დადებითი“ პასუხი დაუდგინდა, ნამდვილად იყო ვირუსით ინფიცირებული; სავარაუდოდ, გადადება პატრონისგან მოხდა.
მარტში ახალი კორონავირუსი ჰონგ-კონგში კიდევ ერთ ძაღლს დაუდასტურდა, მაგრამ ცალსახაა, რომ COVID-19-ით ინფიცირებულ შინაურ ცხოველთა რაოდენობა უბრალოდ არაფერია ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვთან შედარებით. თუმცა, ექსპერტები და მათ შორის აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიც (CDC) ხაზს უსვამენ, რომ ძაღლები და კატები ადამიანებისთვის ამ მხრივ ძალიან მცირე რისკს ფლობენ.
„CDC-ს არ აქვს მტკიცებულება, რომ შინაურ ცხოველებს COVID-19-ის გავრცელება შეუძლიათ და ამ დროისათვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე არ არსებობს მიზეზი ვიფიქროთ, რომ შინაური ცხოველები ინფექციის წყარო შეიძლება იყვნენ“, — ამბობს ცენტრის წარმომადგენელი, ზოონოზურ ინფექციურ დაავადებათა მკვლევარი კეისი ბარტონ ბეირავეში.
მიუხედავად ამისა, ვეტერინარებს უფრო მეტი ინფორმაციის გაგება სურთ. ადამიანის ტესტები შეიძლება ცხოველებზეც მუშაობდეს, მაგრამ ამჟამად ისინი დეფიციტშია და ვეტერინარები სამეცნიერო-სპეციფიკურ ტესტებს ამჯობინებენ. COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის ტესტი ცხოველებისთვის რამდენიმე ლაბორატორიამ შექმნა, მაგრამ წარმოება ჯერ ფართოდ არ დაწყებულა. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) მათი წინააღმდეგია და მრავალი ექსპერტი შეშფოთებულია, რომ გავრცელდება დაუსაბუთებელი შიში — განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა პატრონმა შინაური ცხოველების მიტოვება დაიწყო.
„მართალია, არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ შინაური ცხოველისგან შეიძლება ეს ვირუსი გადაგვედოს, მაგრამ აუცილებლად გვჭირდება მეტი ინფორმაცია“, — ამბობს ვაშინგტონის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიის აღმასრულებელი დირექტორი ტიმოთი ბაზლერი; ამ ლაბორატორიამ ორი კვირის წინ განაცხადა, რომ შექმნა COVID-19-ის ტესტი შინაური ცხოველებისათვის.
ლაბორატორიამ ტესტი ცხოველთა ჯანმრთელობის ადგილობრივი და ფედერალური სააგენტოების მოთხოვნით შექმნა. ამ უწყებებს განსაკუთრებით აშფოთებდათ ის ფაქტი, რომ ქალაქ კირკლენდის მოხუცთა თავშესაფარში, სადაც მარტის დასაწყისში აშშ-ში COVID-19-ის ერთ-ერთი პირველი კლასტერი გამოვლინდა, ბინადრობდა რამდენიმე კატაც. ძაღლებს და კატებს უჯრედის მრავალი რეცეპტორი იგივე აქვთ, რაც ჩვენ; ვირუსი უჯრედში სწორედ ამ რეცეპტორების საშუალებით შედის. 2003 წელს, კიდევ ერთი კორონავირუსული დაავადება SARS-ის ეპიდემიის დროს, მეცნიერები იუწყებოდნენ, რომ კატები ვირუსით დაინფიცირდნენ და ერთმანეთში ავრცელებდნენ.
ვაშინგტონის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიის (WADDL) მიერ შექმნილი ცხოველების SARS-CoV-2 ტესტი ადამიანებისას ჰგავს — ვირუსიდან რნმ-ის მისაღებად იყენებს პოლიმერაზის ჯაჭვურ რეაქციას (PCR). ბაზლერის განცხადებით, მისმა ჯგუფმა ის ძაღლებიდან და კატებიდან აღებული ცხვირ-ხახის ნაცხის გამოყენებით შექმნა; ზოგიერთ ნიმუშში SARS-CoV-2 შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ცხოველს COVID-19 არ დაუდასტურდა, ტესტმა ადვილად ამოიცნო ის ნიმუშები, რომლებშიც ვირუსი იყო შეყვანილი. ბლაზერის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მისი ლაბორატორიის მიერ შექმნილი ტესტები დაამტკიცა და საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიას დღეში 100 შინაური ცხოველის ტესტირება შეუძლია.
მარტის შუა რიცხვებში შინაურ ცხოველთათვის SARS-CoV-2-ის ტესტი შექმნა IDEXX Laboratories-მაც, ქსელმა, რომელიც 80-ზე დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას აერთიანებს მთელ მსოფლიოში. WADDL-ის ტესტის მსგავსად, მისი ტესტიც PCR-ს ეფუძნება და შეიქმნა ძაღლებისა და კატების ნიმუშების გამოყენებით (IDEXX-ის შემთხვევაში გამოიყენეს ცხენის ნიმუშებიც). 4000-ზე მეტი ცხოველის შემოწმების შემდეგ, ინფექცია არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ისინი მზად არიან კომერციალიზაციისა და ფართო წარმოების დასაწყებად.
თუმცა, ამ ტესტების დანერგვას ხელს უშლის რამდენიმე ფაქტორი. პირველი მათგანია გადაუდებლობის არარსებობა. გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ აშშ-ში დაახლოებით 150 მილიონი ძაღლი და კატაა, თუ ცხოველები COVID-19-ით ადვილად დაინფიცირდნენ, „გვექნება ათობით ათასი შემთხვევა“, ამბობს პენსილვანიის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მიკრობიოლოგი შელი რანკინი.
„მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ით მსოფლიოში უკვე სამი შინაური ცხოველი დაინფიცირდა, განგაშის საფუძველი არ არსებობს“, ამბობს ცხოველების ახალ დაავადებათა კვლევის ორგანიზაცია EcoHealth Alliance-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯონათან ეპსტაინი.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ხშირად დასმული შეკითხვების სია, რომელშიც ის ცხოველთა ტესტირების წინააღმდეგ გამოდის.
„ამ მომენტისთვის, შინაურ ცხოველთა ტესტირება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლიან ვეტერინარები და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები, COVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანსა და ცხოველს შორის კავშირის გამო. არ ვაპირებთ, ტესტირება ჩავუტაროთ შინაურ ცხოველთა მთლიან პოპულაციას“, — წერს დეპარტამენტი.
ჯონათან ეპსტაინის განცხადებით, თუკი COVID-19 სეზონური დაავადება გახდება, ვირუსის გავრცელებაში ცხოველების როლის ცოდნა ძალიან საჭირო იქნება.
მანამდე კი ზოონოზურ ინფექციურ დაავადებათა მკვლევარი კეისი ბარტონ ბეირავეში გვირჩევს, ჩვენი ცხოველები ვირუსისგან დავიცვათ ისე, როგორც საკუთარ თავს ვიცავთ.
„თუ ავად ხართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებთან კონტაქტი. თუ ძაღლს ასეირნებთ, სხვა ცხოველებისგან დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია, არ მოეფეროთ სხვის ძაღლებს, ყოველთვის დაიბანეთ ხელები. უმნიშვნელოვანესია, რომ არ მიეცეთ პანიკას“, — ამბობს იგი.
მას ეთანხმება ეპსტაინიც — „არ მსურს, ზედმეტი შეშფოთება შეიქმნას შინაურ ცხოველთა გარშემო“. იგი იქვე დასძენს, რომ ემოციური კავშირი კატებთან და ძაღლებთან ახლა შეიძლება ისე საჭირო იყოს, როგორც არასდროს.
„ამ რთულ პერიოდში, იზოლაციის ხანაში, უმნიშვნელოვანესია, რომ გყავდეთ ცხოვრების კომპანიონი ცხოველები“, — ამბობს ჯონათან ეპსტაინი.
მომზადებულია sciencemag.org-ის მიხედვით.