კორნელი კაკაჩია - რუსი დიპლომატის გაძევებით საქართველომ ძალიან სწორი, მაგრამ შეიძლება ითქვას, ცოტა დაგვიანებული გადაწყვეტილება მიიღო
კორნელი კაკაჩია - რუსი დიპლომატის გაძევებით საქართველომ ძალიან სწორი, მაგრამ შეიძლება ითქვას, ცოტა დაგვიანებული გადაწყვეტილება მიიღო

რუსი დიპლომატის გაძევებით საქართველომ ძალიან სწორი, მაგრამ შეიძლება ითქვას, ცოტა დაგვიანებული გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საქართველო იზოლაციაში ვერ დარჩებოდა, მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენმა ძირითადმა პარტნიორებმა, მათ შორის ისეთმა ქვეყნებმაც, რომლებსაც რუსეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს“, – განაცხადა კაკაჩიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, საქართველომ სიმბოლური პოლიტიკური ჟესტი გამოხატა, თუ შესაძლოა, ამ ნაბიჯს მეტი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდეს და რა ტიპის შემხვედრ ნაბიჯებს უნდა ელოდეს ქართული მხარე ოფიციალური მოსკოვიდან, კორნელი კაკაჩიამ აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯს პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა და ბუნებრივია, რუსეთის მხრიდან გარკვეული პასუხიც იქნება, ალბათ – დაახლოებით ისეთივე, როგორც ჩვენი მხრიდან.

„სავარაუდოდ, რუსეთი ჩვენს მიმართაც ისევე მოიქცევა, როგორც დასავლეთის ქვეყნების შემთხვევაში მოიქცა. როდესაც აშშ–მა რუსი დიპლომატები გააძევა, მათ იგივე ნაბიჯით უპასუხეს და ალბათ, ჩვენ შემთხვევაშიც ასე იქნება. შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენი ერთი, ან რამდენიმე დიპლომატიც გააძევონ“, – განაცხადა კაკაჩიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, უნდა ველოდეთ თუ არა რუსეთისგან გაცილებით აგრესიულ ნაბიჯებს, კორნელი კაკაჩიამ აღნიშნა, რომ რუსეთს-საქართველოსთან მიმართებაში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა სავარაუდოდ, არ აწყობს, რადგან გეოპოლიტიკური კონიუნქტურა ამის საფუძველს არ იძლევა.

„რუსეთს დასავლეთთან უკვე ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ამას რუსეთის მიმართ სანქციები და უკრაინაში მიმდინარე ომიც ემატება. ისინი საქართველოსთან მიმართებაში მკვეთრ და მკვახე განცხადებებს ყოველთვის გააკეთებენ და ტონს შეინარჩუნებენ, მაგრამ არ მგონია, საქართველოსთან სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა რუსეთის ინტერესებში შედიოდეს“, – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.