გრიგორი კარასინი - ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ საერთაშორისო არენაზე მტრული ქმედებები ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს საფრთხის წინაშე აყენებს
გრიგორი კარასინი - ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ საერთაშორისო არენაზე მტრული ქმედებები ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს საფრთხის წინაშე აყენებს

გრიგორი კარასინი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ საერთაშორისო არენაზე რუსეთის მიმართ მტრული ქმედებები 2012 წელს დაწყებული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს საფრთხის წინაშე აყენებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

„სამწუხაროდ, პოლიტიკურ სფეროში პოზიტიური ტენდენცია არ შეინიშნება. თბილისი კვლავ არ მიდის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, აგრძელებს მტრულ საქმიანობას საერთაშორისო პლატფორმებზე, ხალისით მონაწილეობს რუსეთის შეკავების ნატო-ს სტრატეგიაში. პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ამგვარი ქმედება საფრთხეს უქმნის 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, რომლის შედეგებითაც დღეს ორივე ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

რუსმა დიპლომატმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება არ გამორიცხა, თუმცა მისი თქმით, ამას დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა უშლის ხელს.

„რაც შეეხება სავიზო ლიბერალიზაციას, როგორც იცით, ჯერ კიდევ 2015 წელს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი მნიშვნელოვნად გამარტივდა და, პრინციპში, დღეს ამ ქვეყნის ნებისმიერ მცხოვრებს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ვიზა რუსეთში ჩასასვლელად. პრინციპში, არ გამოვრიცხავთ პერსპექტივაში უვიზო რეჟიმის დაწესებას. სხვა საქმეა, რომ ამის პრაქტიკულად განხორციელება ჯერ რთულია. ამას ხელს უშლის ჩემს მიერ ნახსენები დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა. აისახება რთული სიტუაცია მსოფლიოშიც, რომელიც განპირობებულია ტერორისტული და სხვა საფრთხეების ზრდით, არალეგალური მიგრაციის პრობლემა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, არ გავითვალისწინოთ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ამავე დროს, გრიგორი კარასინმა საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სატრანსპორტო სფეროში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.