გიორგი კანაშვილი - იმ ხელისუფლებებს შორის, რომლებიც საქართველოს ჰყოლია, რუსეთთან მიმართებაში დღევანდელი ხელისუფლება ალბათ, ყველაზე მოზომილია 
გიორგი კანაშვილი - იმ ხელისუფლებებს შორის, რომლებიც საქართველოს ჰყოლია, რუსეთთან მიმართებაში დღევანდელი ხელისუფლება ალბათ, ყველაზე მოზომილია 

რუსი დოპლომატის გაძევება ალბათ, ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო, რაც შეიძლებოდა, საქართველოს ხელისუფლებას ამ საერთაშორისო ფონზე გადაედგა, – ამის შესახებ “კავკასიური სახლის” აღმასრულებელმა დირექტორმა, პოლიტოლოგმა გიორგი კანაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამ 25 წლის განმავლობაში, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში ბრიტანეთი ჩვენს ქვეყანას მუდმივად მხარს უჭერდა. საერთოდ, ბრიტანეთი საქართველოს დემოკრატიზაციისთვის ძალიან ბევრს აკეთებს და აქედან გამომდინარე, საქართველო ამ ქვეყნის მიმართ სოლიდარული უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებას ფაქტობრივად, ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი“, – განაცხადა კანაშვილმა.

მისი თქმით, ქმედებაზე, რაც რუსეთმა ბრიტანეთის ტერიტორიაზე განახორციელა, ასეთი ნაბიჯი მართებული იყო ერთი მხრივ, საერთაშორისო საზოგადოების და მეორე მხრივ, საქართველოს მხრიდან, რომელსაც სუვერენიტეტის პრობლემები თავად აქვს. ამიტომ, ჩვენი ქვეყანა ამ პროცესების მიღმა არ უნდა დარჩენილიყო.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ასეთი პოზიციის გამოხატვის შემდეგ, იქნება თუ არა კვლავ შესაძლებელი საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ ნორმალიზაციის პოლიტიკის გატარება, გიორგი კანაშვილმა აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ამბავის შემდეგ და ზოგადად, გალსა და ახალგორში ქართველთა დისკრიმინაციის ფონზე, ქართულ–რუსულ ურთიერთობებში ზოგადად, ფონი ძალიან მძიმეა, მაგრამ ერთი დიპლომატის გაძევება ე.წ. ნორმალიზაციის პოლიტიკის გადახედვას არ გამოიწვევს.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, არასწორია ბრალდება, რომ თითქოს, საქართველოს ხელისუფლება ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.

„პირიქით, ძირითადად, მას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ რუსეთის მიმართ ძალიან მოზომილი პოზიციები აქვს. ობიექტურად რომ შევხედოთ, იმ ხელისუფლებებს შორის, რომლებიც საქართველოს ჰყოლია, რუსეთთან მიმართებაში დღევანდელი ხელისუფლება ალბათ, ყველაზე მოზომილია, იმ მოსაზრებებიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რუსეთთან ეგზისტენციალურ კონფრონტაციაში შესვლა ნამდვილად არ აწყობს. საქართველოს ხელისუფლების მოზომილი ნაბიჯები სწორედ აქედან გამომდინარეობს“, – განაცხადა კანაშვილმა.

“კავკასიური სახლის” აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა, ორი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო გაჟღერებული.

„პირველი, აქ არის საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების დარღვევაზე, რაც ირიბი მინიშნებაა, რომ შესაძლოა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას რუსებმა პრობლემები შეუქმნან და მეორე, განცხადებაში საუბარია ჟენევის ფორმატის გადახედვაზე, რაც ასევე გარკვეული შანტაჟის შემცველია“, – განაცხადა გიორგი კანაშვილმა.