საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კორეის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების (კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში 400 000 აშშ. დოლარის ოდენობის სამედიცინო და ტექნიკური აღჭურვილობა) მიღებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი. ღონისძიებაში ასევე მონაწილედობდნენ სამინისტროსა და კორეის საელჩოს დიპლომატები და საქართველოს ელჩი სეულში ოთარ ბერძენიშვილი (დისტანციურად).
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა კორეის მთავრობას პანდემიასთან ბრძოლის საქმეში საქართველოსთვის გაწეული ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც, ამ რთულ პერიოდში გამოიჩინა კორეის მხარემ.
მათივე ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს, კორეისა და საქართველოს საელჩოების მიერ შესრულებული ერთობლივი ინტენსიური მუშაობის შედეგი.
„დამსწრეებს ასევე სიტყვით მიმართა კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულმა, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნა ის პროგრესი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში განვითარდა და გამოხატა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.