კონსტანტინე გამსახურდია - ცოტნე გამსახურდიას საქმეზე კითხვები გამოძიებასთან არ არის, კითხვები არის მოსამართლესთან
ცოტნე გამსახურდიაზე იყო თავდასხმა და არა ყოფით ნიადაგზე მომხდარი შემთხვევა, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას ძმამ, კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, მას კითხვები აქვს სასამართლოსთან, თუ რატომ არ მოხდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება ერთ-ერთი ბრალდებულის, თორნიკე ქავთარააძის მიმართ.
„გამოძიებასთან კითხვები არ არის, კითხვები არის მოსამართლესთან, რამდენად კანონიერი და სამართლიანი იყო დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის გაშვება, რომელმაც არ ითანამშრომლა არც ერთ პუნქტში გამოძიებასთან. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, ის არის ადამიანი, რომელსაც მთელი ამ ხნის მანძილზე თითი ეჭირა ჭრილობაზე, რომ ნაკლები სისხლი დაეკარგა ცოტნეს. ის არ გაქცეულა და ბოლომდე იქ იყო. რაც შეეხება დანაშაულის ინსტრუმენტს, ორივე დანა არის გადაგდებული, სავარაუდოდ, აქ იყო ორი დანა, შეიძლება მეტიც. ისიც არ ვიცით, რამდენი ადამიანი იყო რეალურად ჩართული ამ დანაშაულში და რამდენი ადამიანი ესწრებოდა იმ სერობას, საიდანაც დაიწო. ასევე არ არის ცნობილი, რომელი ჭრილობა რომელი იარაღით არის მიყენებული. ეს ყველაფერი შესწავლილი და გამოძიებული უნდა იყოს“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
„მე არ ვიცნობ ამ ადამიანებს, ეს სახელები და გვარები არაფერს მეუბნება. იყო თავდასხმა და არა რაიმე ყოფით ნიადაგზე მომხდარი შემთხვევა. ეს არის ადვოკატების მიერ დაწყებული ნეგატიური კამპანია ცოტნე გამსახურდიას მისამართით. ჰგონიათ, რომ ამით თავის დაცვის ქვეშ მყოფებს რაღაცას შეუმსუბუქებენ, ისინი იმით არიან დაკავებულები, რომ ცოტნეს იმიჯი შეულახონ. ადვოკატები იბრძვიან ჭორებით და ვერსიებით. შესაძლოა, დაკავებულების რაოდენობა გაიზარდოს.
ეს იყო თავდასხმა, ეს იყო ბარბაროსული კრიმინალური აქტი, არა კრიმინალს. მთელი საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს კრიმინალს, ეს არის იმ კრიმინალის მონათესავე მოვლენა, რომელმაც 90-ინი წლების დასაწყისში სრულიად დაანგრია და ჩამოშალა ქართული სახელმწიფო. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არც სხვის სიცოცხლეს აფასებენ და არც საკუთარი სიცოცხლეს. ისინი ატარებენ ცივ იარაღს. ეს მათთვის ითვლება დიდ ვაჟკაცობად“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს 22 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს, ის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
სასამართლო სხდომაზე ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა გიორგი სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ ცოტნე გამსახურდიას დანა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მან დაარტყა.