კონსტანტინ კოსაჩოვი - ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი არის პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის პოზიცია, რასაც ჩვენ ვაფასებთ
რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების, შემდეგ კი მისი გაუქმების, ასევე ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, – ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ინფორმაციას რუსული მედი ავრცელებს.
„არსებობს რამდენიმე პრაქტიკული საკითხი, რომელიც ჩვენს ყურადღებას და სწრაფ მოგვარებას საჭიროებს. ეს არის სავიზო პროცედურების შემსუბუქება და შემდგომ გაუქმება, ავიამიმოსვლის აღდგენა, საქონლის გარკვეულ სახეობებზე დაწესებული ტარიფების საკითხი. საერთო ჯამში, არსებობს კონკრეტული დღის წესრიგი, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ფორმატში“, – განაცხადა კოსაჩოვმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრის დროს კოსაჩოვმა აღნიშნა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ახლა ცუდ მდგომარეობაშია.
„თუმცა ჩვენ ყოველთვის ვთანხმდებით, რომ ჩვენი ერები აბსოლუტურად სხვა რამეს ელოდებიან. მთავრობამ, პარტიებმა და პოლიტიკოსებმა, რა თქმა უნდა, უნდა გაითვალისწინონ ეს საყოველთაო აზრი და ყველაფერი გააკეთონ, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა კვლავ ნორმალურ კურსს დაუბრუნდეს“, – განაცხადა კოსაჩოვმა.
მან მადლობა გადაუხადა ბურჯანაძეს პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციისთვის.
„გვესმის ის ფაქტი, რომ ჩამოდიხართ რუსეთში და საქართველოში ხშირად ადეკვატურად არ აღიქმება, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის პოზიცია, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“,- განაცხადა კოსაჩოვმა.