კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციითა და 2022 წლის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო.
მოკვლევის მიზანია საწვავის ბაზარზე მსხვილი რეალიზატორების მხრიდან კონკურენტული ქცევის შესწავლა და მისი თავსებადობა კონკურენციის კანონმდებლობასთან.
„2022 წლის შვიდი თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით კონკრეტულ კომპანიებს ფასში კონკურენტული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა აღნიშნულის ასახვა საცალო ბაზარზე სათანადოდ არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ფიქსირდებოდა ნავთობზე საერთაშორისო ფასების კლება და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენციაც“, – აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში.
შეფასების მიხედვით, მსგავსი ტენდენციები მიმდინარე წლის მარტი-აპრილის პერიოდშიც დაფიქსირდა, თუმცა მაშინ ეს მსოფლიო ბაზარზე და რეგიონში არსებული არასტაბილურობით იქნა ახსნილი.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი ამ შეფასებით უკვე დაიხურა და სააგენტო მოკვლევის ეტაპზე გადავიდა, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს – ირღვევა თუ არა კონკურენციის კანონმდებლობა მსხვილი კომპანიების მხრიდან, ზემოქმედებენ თუ არა შეთანხმებულად ფასებზე და რამდენად არის მათი ქცევა კეთილსინდისიერი მომხმარებელთან მიმართებაში.
ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავზე მარჟა 78-53 თეთრი იყო, რუმინული საწვავის შემთხვევაში კი საბაჟო საწყობიდან, დაახლოებით, 73-94 თეთრით იაფად ხდებოდა სხვა მოვაჭრეებზე საწვავის რეალიზაცია, ვიდრე ეს საკუთარ ქსელში შედიოდა.
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოკვლევის ფარგლებში – დარღვევის დადგენის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები განისაზღვრება. ასევე, ბაზრის გაჯანსაღების და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები დამუშავდება.
„მიმდინარე წელს კონკურენციის სააგენტომ ერთი მოკვლევა დაასრულა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე, რაც არ დადასტურდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამი მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, სახელმწიფო უწყების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტზე.
მიმდინარე წელს, დასრულდა ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი და 13 რეკომენდაცია გაიცა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ორი მონიტორინგი – შუშის ნარჩენების და საავტომობილო საწვავის – ბუნებრივი/თხევადი აირის ბაზრის მიმართულებით.
ინფორმაციისთვის, გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, საწვავის მსხვილ რეალიზატორებს შეხვდნენ და ბაზარზე არსებული ვითარება, სააგენტოს მონიტორინგის ანგარიში და ფასის შემცირების მოსალოდნელი ტენდენციები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აგვისტოში ყველა ტიპის საწვავზე ფასის 20-30-თეთრიანი კლებაა მოსალოდნელი“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.