კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლების უფლებების დაცვის დეპარტამენტმა ფუნქციონირება დაიწყო
საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომელიც პირველ ივნისს ძალაში შევიდა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეების განაცხადების მიღებას, განხილვას და დარღვევებზე რეაგირებას პირველი ნოემბრიდან დაიწყებს.
მათივე ცნობით, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია კანონქვემდებარე აქტის – საჩივრის მიღების და განხილვის წესის მიღება, ცხელი ხაზის ამოქმედება, მაქსიმალური ინფორმირების მიზნით საკომუნიკაციო შეხვედრები ბიზნეს სექტორის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან.
მომხმარებელთა უფლებების ეფექტურად განხორციელების პროცესში, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ტექნიკურ და საკონსულტაციო მხარდაჭერას ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი გაუწევს, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდება. პროექტის მიზანია კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის მიმართულების გაძლიერება, საქართველოში მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესა, დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის დამკვიდრება.
„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე, ქ. ბრიუსელში, ხაზგასმით აღინიშნა, რომ – საქართველოს მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მიღება და ამ მიმართულებით აღსრულების დაწყება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. სააგენტოში შექმნილი დეპარტამენტი, რომელიც, დღეის მდგომარეობით, 8 თანამშრომლისგან შედგება, ვფიქრობ, დასახულ ამოცანებს ეფექტურად განახორციელებს. ჩვენი უმთავრესი მიზანია – მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული და გარანტირებული, მეორეს მხრივ კი – მოვაჭრის მიერ, ყველა ვალდებულება მოწესრიგებული, რომ დარღვევის პრევენცია მაქსიმალურად მოხდეს“ – განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ.
კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, მომხმარების უფლებების დაცვის დეპარტამენტს სერგო სანიკიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც სხვადასხვა საჯარო და კერძო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.