კონგრესმენი დონ ბეიკონი - კვლევითი კომიტეტის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, მე არ დამიწერია, ჩვენ ავიყვანეთ ტექნიკური ექსპერტები
კონგრესმენი დონ ბეიკონი - კვლევითი კომიტეტის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, მე არ დამიწერია, ჩვენ ავიყვანეთ ტექნიკური ექსპერტები

კვლევითი კომიტეტის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, მე არ დამიწერია, ჩვენ ავიყვანეთ ტექნიკური ექსპერტები, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა მედიაჯგუფ „სტარვიზიის“ თოქშოუ „სასაზღვრო ზონაში“ განაცხადა.

საუბარი აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხებოდა, რომელსაც კონგრესმენი ბეიკონი თავადაც აწერს ხელს.

თოქშოუში დაინტერესდნენ – „როგორ შემუშავდა დოკუმენტი, რადგან ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულებები, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა, ჩვენ ვიხილეთ გარკვეული ნაბიჯები, თუმცა არანაირი მტკიცებულებები. თქვენ თუ გინახავთ ან იქნებ თქვენ იცით, დოკუმენტის შემუშავების პროცესის შესახებ?“,- რაზეც დონ ბეიკონმა განაცხადა, რომ აღნიშნული ნაწილი მას არ დაუწერია.

„მე არ დამიწერია ეს ნაწილი. ჩვენ ავიყვანეთ ტექნიკური ექსპერტები, რომლებიც დაგვეხმარნენ დოკუმენტის შედგენაში. მე ვიტყოდი, რომ ვმუშაობდი ამ დოკუმენტის სტრატეგიულ ნაწილზე. ჩვენ საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობები გვსურს. საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია. იმავეს ვგრძნობ უკრაინის მიმართ. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინელი ხალხი დასავლური გუნდის ნაწილად ვიხილოთ. ჩვენ ვისურვებდით, ვიხილოთ დასავლური ღირებულებების მქონე ქვეყნების გუნდი, რომლებიც ჩვენს გვერდით დგანან და ჩვენ – მათ გვერდით. ეს საქართველო და უკრაინაა. თუმცა, ჩვენ ასევე შევნიშნეთ, რომ პუტინსა და რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელებს, არ მსურს რომ დავადანაშაულო რუსები, თუმცა პუტინსა და მის გუნდს ამ ქვეყნებში ჰყავთ მოკავშირეები, რომლებსაც სურთ იმ ღირებულებების ხელყოფა, რომლებისაც ჩვენ გვჯერა“, – აღნიშნა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა.

კიდევ ერთი კითხვა ლობისტების საკითხს ეხებოდა – „რუსეთში, საქართველოში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ამ დოკუმენტის გამოჩენისთანავე განაცხადეს, რომ ამ დოკუმენტის ინიციატორები ლობისტები არიან, რომლებმაც აიძულეს ამერიკელ კონგრესმენებს მისი შემუშავება და ხელმოწერა. თუ შეიძლება, გვითხარით, აქვთ თუ არა აშშ-ში ლობისტებს ძალაუფლება, რომ აიძულონ 13 რესპუბლიკელ კონგრესმენს რამე დოკუმენტის ხელმოწერა“, რაზეც კონგრესმენმა განაცხადა, რომ აღნიშნული ანგარიშის თაობაზე ლობისტებთან საუბარი არ ჰქონია.

„არა, მე ამ დოკუმენტის შესახებ არასდროს არც ერთ ლობისტთან არ მისაუბრია. მასზე მუშაობდა, თუ არ ვცდები, 70 რესპუბლიკელისგან შემდგარი ჯგუფი. ჩვენ ერთნაირ ღირებულებებს ვიზიარებთ. გულწრფელად უნდა ვთქვა – მე მჯერა ჩვენი ქვეყნის. მჯერა თავისუფლების, ადამიანური ღირსების, კანონის უზენაესობის. მჯერა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის, რომლებიც ამ ღირებულებებს იზიარებენ. ეს აშკარაა, რომ რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა ამ ღირებულებებს არ იზიარებენ. ისინი მათ ხელყოფას ცდილობენ. ვფიქრობ, რომ თავისუფალმა ქვეყნებმა უნდა იმუშაონ ერთად, რათა ამას წინ აღუდგნენ. ეს არის ჩემი ხედვა. ეს არის იმ რესპუბლიკელების ხედვა, ვინც ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. არ ყოფილა არც ერთი ლობისტი, რომელმაც ამ დოკუმენტის ხელმოწერა მთხოვა. მე ვმუშაობ, პირველ რიგში, კონგრესმენ ჯონსონთან ლუიზიანადან, კონგრესმენ ბრაიან ბაბინთან. ის ასევე სამხედრო-საზღვაო ძალებიდან არის, როგორც მე. მე ვმუშაობდი ბევრ ადამიანთან, რომლებსაც ამ დოკუმენტში წვლილი შეიტანეს და არც ერთი არ ყოფილა ლობისტი“, – განაცხადა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა.