კომუნიკაციების ეროვნული კომისია და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იქნებიან, მედიაწიგნიერების განვითარებას ხელი შეუწყონ
კომუნიკაციების ეროვნული კომისია და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იქნებიან, მედიაწიგნიერების განვითარებას ხელი შეუწყონ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციებს მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ვალდებულება ემატება.

შესაბამისი ცვლილებები – „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტის განათლების კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის სახით წარადგინა.

ცვლილებების მიხედვით, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, მედიაწიგნიერების სფეროში კომისიის უფლებამოსილებები განისაზღვრება. კერძოდ, პროექტით კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მედია წიგნიერების განვითარების ხელშემწყობ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და დაამტკიცებს.

ასევე ინიციატივით, სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელების მიზნით, კომისია უფლებამოსილია, მედიაწიგნიერების სასწავლო-კვლევითი ცენტრი დააფუძნოს. ამასთანავე, ამავე მიზნებითა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით, კომისია უფლებამოსილია, მედიაწიგნიერების განვითარების ქსელი/პლატფორმა, ვებ-გვერდი შექმნას.

ამას გარდა, ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული ხდება, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებას, მათ შორის, მედიაწიგნიერების ამაღლებასთან დაკავშირებით მომზადებული ტელე/რადიო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსებით.

„აღნიშნული სრულად შეესაბამება ევროპულ გამოცდილებას. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის კანონპროექტის მიზნებით განპირობებული მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ახალი ფუნქციის დაკისრებას სჭირდება შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა. კომისიის ბიუჯეტის დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით, შემოთავაზებულია დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მაუწყებლების მიერ რადიოსიხშირეების გამოყენებისთვის ამოწურვადი რესურსით (რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით) სარგებლობის საფასურის კომისიის ბიუჯეტში მიმართვა”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.