კომუნიკაციების კომისიის წევრმა ICT ფორუმზე ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საქართველოს ICT ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც პანელურ დისკუსიაში საქართველოს ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის საჭირო ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე, ასევე ამ მიმართულებით ComCom-ის როლზე ისაუბრა.
„საქართველოს ამ თვალსაზრისით აქვს არაერთი უპირატესობა – როგორც მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ასევე ჰარმონიზებული რეგულაციები ტელეკომში და ინოვაციური ბიზნესმოდელების დასანერგად გახსნილი და ხელსაყრელი სამართლებრივი თუ საზედამხედველო ჩარჩო. თუმცა სექტორში გვაქვს გამოწვევებიც. სწორედ ამ გამოწვევების გადალახვას და ხელშემწყობი გარემოს შექმნას ემსახურება კომუნიკაციების კომისიის პროექტები, რომელთა საერთო მიზანს ქვეყნის ტექნოლოგიურ და ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბება წარმოადგენს. გამოწვევაა, თუ რამდენად აკმაყოფილებს ჩვენი დღევანდელი მოცემულობა არათუ ტექნოლოგიური ჰაბის, არამედ მსოფლიო სატელეკომუნიკაციო სტანდარტებს. იმისათვის, რომ ვისაუბროთ ჰაბზე, ტელეკომ მიმართულებით საჭიროა მაღალი სტანდარტის ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ასევე მომსახურებების მრავალფეროვნება, ინოვაციურობა, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა. თუ ეს კომპონენტები იქნება თავმოყრილი, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება, ტექნოლოგიურ ჰაბად ქცევის ამბიცია გვქონდეს“, – განაცხადა კომისიის წევრმა.
როგორც ეკატერინე იმედაძემ აღნიშნა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, რაც კომუნიკაციების კომისიისმიერ ჩატარებული კვლევითაც გამოიკვეთა, საქართველოში მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის დაბალი მოცულობა თუ სიჩქარე, ასევე, შეთავაზებების მნიშვნელოვნად მაღალი ფასები წარმოადგენს. ეკატერინე იმედაძის თქმით, აღნიშნული ქართველი აბონენტებისთვის, განსაკუთრებით კი იურიდიული პირებისთვის, შემზღუდველია, რაც ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებასა და ინვესტორების მოზიდვაზე უარყოფითად აისახება.
სიტყვით გამოსვლისას კომუნიკაციების კომისიის წევრმა მონაწილეებს ComCom-ის სტრატეგიული პროექტებიც გააცნო და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისია სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ახორციელებს ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტს.
„ეს არის ის ამოცანა, რომელზეც კომუნიკაციების კომისია მუშაობს. ჩვენი პროექტები მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში ხელშემწყობი გარემო იყოს, რათა გაიხსნას ბაზარი და გაჩნდეს ინვესტიციებისა და დარგში თანამშრომლობის სურვილი“, – განაცხადა მან და განმარტა ისიც, რომ კომუნიკაციების კომისია ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისა და მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, მხარს უჭერს ისეთი ინოვაციური საკომუნიკაციო ბიზნესმოდელების დანერგვას, როგორებიც, მაგალითად, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორები (MVNO), სატელიტური კომუნიკაციები თუ ახალი თაობის მობილური ტექნოლოგიებია.
პანელურ დისკუსიაში, ეკატერინე იმედაძესთან ერთად, ICTA-ს აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ქოიავა, პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი, ასევე GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სესიის ფარგლებში, განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საქართველოს როლი გლობალურ ციფრულ ეკოსისტემაში, ამ მიმართულებით ქვეყნის პოზიციის გაძლიერების სტრატეგია, საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების სამოქმედო გეგმა, ასევე, სწრაფ და ხარისხიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და 5G-ის განვითარების პროცესები.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად ICTA-ს წევრებისთვის იმართება და ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას, ასევე, სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ინფორმაციის გაცვლას ემსახურება, წელს ასოციაციის ახალმა მმართველმა გუნდმა პირველად გახსნა.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.