ეკატერინე იმედაძე - MVNO-ს ქვეყანაში შემოსვლის მთავარი მისწრაფება ბაზარზე კონკურენციის გაზრდაა
ეკატერინე იმედაძე - MVNO-ს ქვეყანაში შემოსვლის მთავარი მისწრაფება ბაზარზე კონკურენციის გაზრდაა

კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე ტელეკომ სექტორში შესვლის მაღალ ბარიერებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების ბაზარზე შემოსვლა კონკურენციას გაზრდის.

როგორც ComCom-ის წევრმა აღნიშნა, მობილური და ფიქსირებული ბაზრების კომპლექსური კვლევის პირველადმა შედეგებმა სექტორში არსებულ პრობლემებზე მიუთითა.

„მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის ქვეყანაში შემოსვლის მთავარი მისწრაფება არის, რომ გაიზარდოს ბაზარზე კონკურენცია. ტელეკომ სექტორი მაღალი შესვლის ბარიერით ხასიათდება. მოგეხსენებათ, 5-7 წელი სჭირდება, რომ ქსელი ააგოს ოპერატორმა, ხოლო ვირტუალური მოდელი უფრო მოქნილია, აპრობირებული მოდელია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, ალტერნატიული მომსახურებები შეიქმნას, ანუ ქსელის ოპერატორმა გააქირაოს თავისი ქსელი საფასურის სანაცვლოდ და პატარა ოპერატორებმა მიიღონ ქსელზე დაშვება.

კანონში 2006 წლიდან არსებობს ჩანაწერი, რომ ასეთი ვირტუალური ოპერატორის ქსელზე დაშვება კომერციულ საფუძველზე უნდა უზრუნველყონ კომპანიებმა, თუმცა არ არსებობდა უფრო მეტი კონკრეტიკა და, შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა მსურველი კომპანიების დაშვება. კომუნიკაციების კომისიაში შემოდიოდა ინფორმაცია, წერილობითი მომართვები, რომ იყვნენ დაშვების მსურველი კომპანიები, თუმცა ქსელის ოპერატორებთან დაშვება არ ხორციელდებოდა. 2019 წელს კი უკვე მოხდა წინასწარი რეგულაციის სახით ვალდებულების შემოტანა, თუმცა კომისიის გადაწყვეტილებით გადავადდა ზუსტად იმავე მოტივით, რომ კომპანიებს კომერციულ რეჟიმში შესძლებოდათ მოლაპარაკების წარმოება, როგორც ვხედავთ, უკვე 4 წელია, ეს კომერციული რეჟიმი არ შედგა.

კომუნიკაციების კომისია ატარებს მობილური და ფიქსირებული ბაზრების კომპლექსურ კვლევას, გვყავს საერთაშორისო ექსპერტები, ისინი 6 თვეზე მეტია, ჩვენთან ერთად მუშაობენ და უკვე მათი დაკვირვებებით ჩანს, რომ არსებობს პრობლემები მობილურ ბაზარზე, მაგალითად, როგორ ნაწილდება ბაზრის წილები, როგორი ტრენდია, ეს უკვე სერიოზულ პრობლემებზე მიანიშნებს“, – განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.

ეკატერინე იმედაძის კომენტარს კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.