კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ ევროპის ტელეკომუნიკაციებისა და მედიის ფორუმზე საქართველოს ციფრული ეკოსისტემა შეაფასა  
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ ევროპის ტელეკომუნიკაციებისა და მედიის ფორუმზე საქართველოს ციფრული ეკოსისტემა შეაფასა  

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ ევროპის ტელეკომუნიკაციებისა და მედიის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ტელეკომსექტორში ინოვაციებისა და მარეგულირებლების როლის შესახებ გამართულ პანელურ სესიაზე ისაუბრა.

„ევროკავშირის კანონებთან და მარეგულირებელ ჩარჩოსთან დინამიკური დაახლოება გვაძლევს უსაფრთხოების შეგრძნებას და დამატებით მოქნილობას, რათა შევძლოთ საუკეთესო გამოცდილების ადაპტირება – თუ როგორ უნდა მოხდეს ორგანიზაციული მოდელების ტრანსფორმაცია, რომ ვუპასუხოთ ციფრული ბაზრების საჭიროებებსა და გამოწვევებს“, – განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.

დისკუსიის ფარგლებში ComCom-ის წევრმა, საქართველოს მაგალითზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისიის იმ პრიორიტეტულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქვეყანაში ინოვაციური სატელეკომუნიკაციო მოდელების დანერგვას და ხელშეწყობას ემსახურება. კერძოდ, ეკატერინე იმედაძემ განიხილა ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ჩარჩოს ჰარმონიზაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, რომელთა შედეგად საქართველო, ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით, რეგიონში მოწინავე პოზიციას იკავებს. სესიაში ComCom-ის წევრთან ერთად შვედეთის ფოსტის და ტელეკომუნიკაციის მარეგულირებელი ორგანოს გენერალური დირექტორი დენ სიობლომი, ჯერზის კონკურენციის მარეგულირებელი ორგანოს გენერალური კონსული რორი გრეჰემი და ბელგიის საფოსტო სერვისებისა და კომუნიკაციების ინსტიტუტის საბჭოს წევრი ბერნანდო ჰერმანი მონაწილეობდნენ.

„ფორუმი, რომელიც ევროპის რეგიონში სატელეკომუნიკაციო და მედიასექტორში არსებული მდგომარეობისა და მარეგულირებელთა ქსელების სამომავლო სტრატეგიული პროექტების მიმოხილვას, ასევე, მარეგულირებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურებოდა, ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული მარეგულირებელი ორგანოს გაერთიანების (BEREC) და აუდიოვიზუალური მედიასერვისების ევროპული მარეგულირებლების ჯგუფის (ERGA) თავმჯდომარეებმა გახსნეს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ევროკომისიის სამომავლო პრიორიტეტები და ციფრული ეკონომიკის გამოწვევები, მდგრადი დაკავშირებადობა და კიბერუსაფრთხოება, ერთიანი ევროპული ციფრული ბაზრის ჩამოყალიბების ნაბიჯები, მედიარეგულირების ცვალებადი ჩარჩო და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, ციფრული ბაზრისა (DMA) და ციფრული სერვისების (DSA) აქტები, მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) და მისი შედეგები, ასევე, ონალინ სივრცეში არასრულწლოვნების უსაფრთხოება, მედიაში  ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და სხვა.

ევროპის ტელეკომუნიკაციებისა და მედიის ყოველწლიური ფორუმი კომუნიკაციების საერთაშორისო ინსტიტუტის (IIC) მიერ ბრიუსელში, ბელგიის მარეგულირებლის და ტელეკომუნიკაციებისა და საფოსტო სერვისების ინსტიტუტის (BIPT) მასპინძლობით გაიმართა“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.