კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს GUDA TV-სა და NTV Plus-ს ავტორიზაცია შეუჩერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე შპს GUDA TV-სა და „ნტვ+“-ისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე იმსჯელა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
კომისიის ცნობით, მას შემდეგ, რაც კომისიამ სამ კომპანიას – შპს GUDA TV, „ნტვ+“-სა და შპს Voxbone-ს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვა, სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას წერილით მიმართა.
„შპს GUDA TV-მ კომისიას ავტორიზაციის გაუქმების თხოვნით მიმართა, შპს „ნტვ+“-მა კი ავტორიზაციის შეჩერების. რაც შეეხება შპს Voxbone-ს, კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას შუამდგომლობით მიმართა და მისი საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადება ითხოვა. კომისია შპს Voxbone-ის თემაზე ერთ კვირაში იმსჯელებს“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
შეგახსენებთ, ქართულ ბაზარზე მედიაჰოლდინგ „გაზპრომ მედიას“ შემოსვლის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ორი კვირის წინ გავრცელდა. ჰოლდინგი ქართულ ბაზარზე საქმიანობას ბრენდით NTV-Plus გეგმავდა.
მოგვიანებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ NTV Plus-ს წერილით მიმართა, კომისიაში წარდგენილი დეკლარაციისთვის საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი დაერთო. დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, NTV Plus-ს ავტორიზაცია შეუჩერდებოდა.