კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს GUDA TV-სა და NTV Plus-ს ავტორიზაცია შეუჩერა 
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს GUDA TV-სა და NTV Plus-ს ავტორიზაცია შეუჩერა 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე შპს GUDA TV-სა და „ნტვ+“-ისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე იმსჯელა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომისიის ცნობით, მას შემდეგ, რაც კომისიამ სამ კომპანიას – შპს GUDA TV, „ნტვ+“-სა და შპს Voxbone​-ს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვა, სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას წერილით მიმართა.

„შპს GUDA TV-მ კომისიას ავტორიზაციის გაუქმების თხოვნით მიმართა, შპს „ნტვ+“-მა კი ავტორიზაციის შეჩერების. რაც შეეხება შპს Voxbone-ს, კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას შუამდგომლობით მიმართა და მისი საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადება ითხოვა. კომისია შპს Voxbone-ის თემაზე ერთ კვირაში იმსჯელებს“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

შეგახსენებთ, ქართულ ბაზარზე მედიაჰოლდინგ „გაზპრომ მედიას“ შემოსვლის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ორი კვირის წინ გავრცელდა.  ჰოლდინგი ქართულ ბაზარზე საქმიანობას ბრენდით NTV-Plus გეგმავდა.

მოგვიანებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  NTV Plus-ს წერილით მიმართა, კომისიაში წარდგენილი დეკლარაციისთვის საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი დაერთო. დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, NTV Plus-ს ავტორიზაცია შეუჩერდებოდა.

დატოვე კომენტარი