კომუნიკაციების კომისია „ნტვ+“ს დამატებით დოკუმენტაციას სთხოვს, წარუდგენლობის შემთხვევაში, ავტორიზაციას შეუჩერებს
კომუნიკაციების კომისია „ნტვ+“ს დამატებით დოკუმენტაციას სთხოვს, წარუდგენლობის შემთხვევაში, ავტორიზაციას შეუჩერებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  „ნტვ+“ს   წერილით მიმართავს, კომისიაში წარდგენილ დეკლარაციას საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი დაურთოს. დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, „ნტვ+“-სავტორიზაცია შეუჩერდება.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, „ნტვ +“-მა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ორი წლის წინ გაიარა რეგისტრაცია (2016 წლის 12 სექტემბერს) და მიღებული აქვს ავტორიზაცია.

„კომუნიკაციების კომისიაში დანერგილი პრაქტიკის მიხედვით, პროცედურულად ნებისმიერი დაინტერესებული პირი მარტივი ავტორიზაციის საშუალებით ავსებდა დეკლარაციას, მათ შორის უცხოური კომპანიის წარმომადგენელი და თუ ის კანონით გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტს წარადგენდა, ავტომატურად იღებდა ავტორიზაციას“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

კომისიის ცნობით, ავტორიზაციის გავლის დროს კომპანია „ნტვ+“-მა წარადგინა კანონით მოთხოვნილი შემდეგი დოკუმენტები: ღია სააქციო საზოგადოება „ნტვ-პლუსის“ წესდება; ღია სააქციო საზოგადოება „ნტვ-პლუსისამონაწერი რუსეთის იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან; კომპანიის გენერალური დირექტორის მიხეილ დემინის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტის ასლი; მინდობილობა რუსუდან გოგინავას სახელზე. დოკუმენტაცია ნათარგმნია ქართულ ენაზე და დამოწმებულია ნოტარიულად.

როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, აღნიშნული მიდგომა კომისიამ შეცვალა და დღეს უცხოურ კომპანიას მხოლოდ ავტორიზაციის საფუძველზე არ შეუძლია საქმიანობის დაწყება. იმისთვის, რომ კომპანია ქართულ ბაზარზე შემოვიდეს მან სამეწარმეო რეესტრში უნდა გაიაროს რეგისტრაცია, რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა კი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარადგინოს.

„კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია შპს „VOXBONE“-ს, რომელსაც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე კანონმდებლობის შესაბამისად გავლილი ჰქონდა ავტორიზაცია, უკვე მიმართა წერილობით და მოთხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ავტორიზაცია შეუჩერდება. კომუნიკაციების კომისია „ნტვ+“ს ისევე, როგორც შპს „VOXBONE“-ს, მიმართავს  წერილით, რომ კომისიაში წარმოდგენილ დეკლარაციას დაურთოს ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში „ნტვ+“-საც შეუჩერდება ავტორიზაცია“, – ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

ქართულ ბაზარზე მედიაჰოლდინგი „გაზპრომ მედია“ შემოდის, რომელიც საქმიანობას ბრენდით NTV-PLUS გეგმავს. ამის შესახებ კომპანიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა. კომპანიის პარტნიორი საქართველოში შპს „მედია ჯგუფი“ იქნება.