კომპოზიტორთა პირველ ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კომპოზიტორთა პირველ ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრთან ერთად დაფუძნებულ „კომპოზიტორთა ეროვნულ კონკურსში“, რომელიც პირველად წელს ჩატარდა, გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების საღამო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კომპოზიტორი, დირიჟორი და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე და კონკურსის მონაწილეები.

კონკურსის მიზანია ეროვნული საკომპოზიტორო ხელოვნების განვითარება და კომპოზიტორთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.

კონკურსის ფარგლებში ნაწარმოებები შემდეგ მუსიკალურ კატეგორიებში უნდა წარმოედგინათ:

კამერული მუსიკის კატეგორიაში საკონკურსოდ მიიღებოდა ნაწარმოები სოლო ინსტრუმენტის, კამერული ანსამბლისა და კამერული ორკესტრისთვის;

საგუნდო-ვოკალური მუსიკის კატეგორიაში საკონკურსოდ მიიღებოდა ნაწარმოები გუნდისა ან ვოკალისთვის (თანხლებით ან თანხლების გარეშე);

სიმფონიური მუსიკის კატეგორიაში საკონკურსოდ მიიღებოდა ნაწარმოები სიმფონიური ორკესტრისთვის (შესაძლებელი იყო სოლო ინსტრუმენტების, ვოკალის ან გუნდის მონაწილეობით).

კონკურსის ფარგლებში შემოსული განაცხადები სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს გადაეცა. სწორედ კახიძის ცენტრმა დააკომპლექტა ჟიური, რომელმაც კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა. ჟიურის წევრები გახლდნენ: კომპოზიტორი და დირიჟორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელიდან) და სტანისლავ კრუპოვიჩი, დირიჟორი და კომპოზიტორი (პოლონეთიდან); ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ კომპოზიტორი, დირიჟორი და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე. ინფორმაციისთვის: საკონკურსო ნაწარმოებთა ავტორების ვინაობა ჟიურისთვის უცნობი იყო.

წარმოგიდგენთ საკონკურსო კატეგორიების მიხედვით გამოვლენილ გამარჯვებულებს:

კამერული მუსიკის კატეგორია (ასაკობრივი ჯგუფი 17-დან 25 წლის ჩათვლით)

I პრემია – ლაშა ხარხელაური, „Eudamonia“ – მუსიკა კამერული ანსამბლისთვის – ფლეიტის, ჰობოის, კლარნეტის, ფაგოტისა და ფორტეპიანოსთვის;

II პრემია – ნიკოლოზ შენგელია, „Superare“ – ფორტეპიანოსა და სიმებიანი კვარტეტისათვის;

III პრემია – სანდრო ნებიერიძე, „ილუზიური ტანგო“.

საგუნდო/ვოკალური მუსიკის კატეგორია (ასაკობრივი ჯგუფი 17-დან 25 წლის ჩათვლით)

I პრემია – ნიკოლოზ ჩაჩანიძე, „ნატვრა“ / მუხრან მაჭავარიანის ლექსი;

II პრემია – სანდრო ნებიერიძე, „ძველი დროებისა და ხალხისა“ – მინიატურების ციკლი მამაკაცთა გუნდისა და ოთხი სოლისტისთვის;

III პრემია – ლაშა ხარხელაური, „გულიდან სისხლის წვეთები“ – მეცო-სოპრანოსა და ფორტეპიანოსთვის / ტერენტი გრანელის ლექსი.

სიმფონიური მუსიკის კატეგორია (ასაკობრივი ჯგუფი 17-დან 25 წლის ჩათვლით)

I პრემია – ლაშა ხარხელაური, „Muon“ ორკესტრისთვის;

II პრემია – შმაგი სიხარულაშვილი, საფორტეპიანო კონცერტი / ეძღვნება ალბან ბერგს;

III პრემია – არ გაიცა დაბალი ქულობრივი შეფასების გამო

კამერული მუსიკის კატეგორია (25 წლის ზევით ასაკობრივი ჯგუფი)

I პრემია – ლელა მაქარაშვილი, „მოგონებანი“ – ალტის, ფორტეპიანოს და სიმებიანი ორკესტრისთვის;

II პრემია – კახა ცაბაძე, კონცერტინო ფლეიტისა და სიმებიანი ორკესტრისთვის;

III პრემია – ოთარ ტატიშვილი, Piano sonata in 3 movement;

III პრემია – რამაზ კემულარია, „Ostinato“ ფორტეპიანოსთვის / ეძღვნება 9 აპრილის ტრაგედიას.

საგუნდო / ვოკალური მუსიკის კატეგორია (25 წლის ზევით ასაკობრივი ჯგუფი)

I პრემია – ოვანეს ამბარცუმიანი, „სისხლი“ – სოპრანოს, ვიბრაფონის, ვიოლინოს, ალტისა და ჩელოსათვის;

II პრემია – გიორგი ჩლაიძე, საგუნდო პოემა „ანბანი ჩვენი“, a cappella შერეული გუნდისათვის;

III პრემია – გიორგი შავერზაშვილი, გუნდ a cappella-სთვის „გალობანი გიორგისნი“ / იოანე მინჩხის ტექსტი.

სიმფონიური მუსიკის კატეგორია (25 წლის ზევით ასაკობრივი ჯგუფი)

I პრემია – ზურაბ ნადარეიშვილი, „სიმფონიური ფანტაზია“ ვიოლინოსა და ორკესტრისათვის;

II პრემია – ევგენი ჭავჭანიძე, „ხუთი პორტრეტი“ ელექტროგიტარისთვის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით;

III პრემია – ნინო ჯანჯღავა, „სიმღერა“;

III პრემია – გიორგი შავერზაშვილი, კონცერტი ორი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.

კულტურის სამინისტრომ კონკურსი 65 000 ლარით დააფინანსა. კონკურსში გამარჯვებულთა ფულადი პრემია განისაზღვრა ნომინაციების მიხედვით 1000-დან 5000 ლარამდე. საკონკურსო განაცხადები მიმდინარე წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით მიიღებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კონკურსში გამარჯვებულ კომპოზიტორთა ნაწარმოებების საკონცერტო შესრულება სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში იქნება შესაძლებელი. კომპოზიტორთა დაინტერესების შემთხვევაში, მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ასევე მათი მუსიკალური ნაწარმოებების ნოტებს გამოსცემს (საავტორო უფლებების სრული დაცვით).

პირობების მიხედვით, კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ნაწარმოები არ უნდა ყოფილიყო გამოცემული და/ან შესრულებული კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადს არ განიხილავდნენ ან ფაქტის გამოვლენისთანავე მოხსნიდნენ კონკურსიდან.

კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი საქართველოს კულტურის სამინისტრომ, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრთან ერთად, 2022 წლის აპრილში დააფუძნა. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე კომპოზიტორებს. კონკურსი განკუთვნილია ორი ასაკობრივი კატეგორიისთვის: 17-დან 25 წლის ჩათვლით და 25 წელს ზემოთ პირებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.