კომპანია „ყვარელრემმშენი“ კახეთში სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციაზეც მუშაობდა
კომპანია „ყვარელრემმშენი“, რომლის მიერ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დღეს ჭერი ჩამოინგრა, კახეთში სკოლებისა და ბაღების შენობების რეაბილიტაციაზეც მუშაობდა.
პირველი არხის მიერ მოძიებული ინფორმაციით, ჯამში კომპანიას 28 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც თითქმის ნახევრის შემთხვევაში გაიმარჯვა და სხვადასხვა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ გარემონტდა სოფელ გავაზის და ჭიკაანის საბავშვო ბაღები, ასევე სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლა.
ამჟამად კი, „ყვარელრემმშენი“ მონაწილეობას იღებს თბილისის #160-ე სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენრში.
გარდა სკოლებისა და ბაღებისა, „ყვარელრემმშენმა“ გაიმარჯვა იუსტიციის სასწავლო ცენტრის აუზისა და ღობის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერებში, ასევე ყვარლის კულტურის სახლის და საგანმანათლებლო და სამეცნიერი ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს რეაბილიტაციის შესახებ გამოიცხადებულ ტენდერში.
ამონაწერის მიხედვით, შპს-ს 100%იანი წილის მფლობელი და დამფუძნებელი გიორგი ჯოხარიძეა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა.
კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი დღეს დილით ჩამოიშალა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.