ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, უწყება განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. მათივე ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 ახალ სკოლას აშენებს, კიდევ 100 სკოლაში კი  რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, აქედან, რვა ახალი სკოლის მშენებლობა უკვე დასრულდა, 33 ახალ სკოლაში სამუშაოები წელს სრულდება, დანარჩენი 25 სკოლა კი მომავალ წელს შევა ექსპლოატაციაში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლები აშენდა ქვემო ქართლის რეგიონის ოთხ სოფელში – იმერში, ენაგეთში, საღრაშენში და მუხროვანში; შიდა ქართლის რეგიონის სამ სოფელში – კოდისწყაროში, წინარეხსა და ოთარაშენში; ასევე კახეთის რეგიონის სოფელ ბოდბეში 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ხოლო სამცხე-ჯავახეთის სოფელ მოხეში დასრულდა 200-ბავშვიანი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

„ყველა სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. პროექტები ითვალისწინებს საკლასო ოთახების, სპორტული მოედნებისა და ეზოს კეთილმოწყობას, გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების გამართვას. სკოლები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB, NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია“, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც დეცენტრალიზაციის სტრატეგიითაა გათვალისწინებული, წელს, პანდემიით გამოწვეული აუცილებლობის გამო,725 სკოლაში დაიგეგმა სველი წერტილების მოწესრიგება. სამუშაოები, უმეტეს შემთხვევაში, ეზოებში არსებული საპირფარეშოების ძირითად შენობასთან მიერთებას ითვალისწინებს. აქედან 521 სასწავლო დაწესებულებაში სამუშაო უკვე დასრულდა, ხოლო იმ სკოლებში, სადაც რემონტი ჯერაც მიმდინარეობს და 10 ოქტომბრამდე დასრულდება, ყველგან არსებობს ალტერნატიული სველი წერტილები დროებითი სარგებლობისთვის.

უწყების ცნობითვე, წელსვე დაიწყო 80 სკოლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაო და ყველა პროექტი მომავალ წელს დასრულდება.