კომპანია SpaceX-ის ახალი მისიის ფარგლებში, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ღია კოსმოსში არაპროფესიონალი ასტრონავტები გავლენ
ამერიკულმა კომპანია SpaceX-მა დაიწყო Polaris Dawn-ის სახელით ცნობილი მისია, რომლის ფარგლებშიც ღია კოსმოსში არაპროფესიონალი ასტრონავტები გავლენ.
„ბიბისის“ ცნობით, ასეთი რამ კაცობრიობის ისტორიაში პირველად მოხდება. Falcon 9 რაკეტა-მატარებელი Crew Dragon-ი კაფსულით ფლორიდის შტატის კანავერალის კონცხიდან გაუშვეს. მისიის ხელმძღვანელია მილიარდერი ჯარედ აიზეკმანი, რომელიც Polaris-ის პროგრამის ერთ-ერთი ინვესტორი გახდა. მასთან ერთად კოსმოსურ ხომალდზე იმყოფებიან აშშ-ის საჰაერო ძალების გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ პოტიტი, კოსმოსური ოპერაციების დარგში SpaceX-ის წამყვანი ინჟინერი ანა მენონი და ასტრონავტების მომზადების დარგში SpaceX-ის სპეციალისტი სარა გილისი.
ხუთდღიანი კერძო მისიის განმავლობაში მისი მონაწილეები დედამიწას 1400 კმ-ით დაშორდებიან. ასეთ მანძილზე ასტრონავტები დედამიწას 1975 წელს, მთვარეზე გაფრენის შემდეგ არ დაშორებიან. შედარებისთვის, საერთაშორისო კოსმოსური სადგური დედამიწიდან დაახლოებით 400 კმ-ითაა დაშორებული. კოსმოსური ტურისტების ღია კოსმოსში გასვლა დაგეგმილია დედამიწიდან დაახლოებით 700 კმ მანძილზე, მისიის მესამე დღეს, 12 სექტემბერს და დაახლოებით ორი საათი გაგრძელდება. ამასთან, ისინი გამოცდიან ახალ სკაფანდრებს, რომელთა გამოყენებაც SpaceX-ის მთვარისა და მარსის მისიების დროსაა დაგეგმილი.
როგორც კომპანია იუწყება, ახალ სკაფანდრში ასტრონავტები უფრო მეტად მობილურებიც იქნებიან. ჩაფხუტში კი ჩამონტაჟებულია დისპლეი და კამერა. გარდა ამისა, ასტრონავტები ჩაატარებენ 36 სამეცნიერო ექსპერიმენტს, კერძოდ, კოსმოსური ფრენისა და ღია კოსმოსში რადიაციის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების კუთხით. ამასთან, ისინი გამოცდიან Starlink-ის თანამგზავრული სისტემის ლაზერულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.