კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს მაღაროელების საერთო საცხოვრებელი დაათვალიერებინა
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის უფროსმა, ირაკლი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს მაღაროელების საერთო საცხოვრებელი დაათვალიერებინა. საცხოვრებელი ვახტურ რეჟიმზე მომუშავე 200 მაღაროელისთის არის განკუთვნილი. ირაკლი პეტრიაშვილმა მედიას დაათვალიერებინა სასადილო, სამზარეულო, საძინებლები.
კომპანიის ადმინისტრაციის უფროსი მედიასთან აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია მაღაროელთა პროტესტი. კომპანიამ უკვე შეწყვიტა ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელიც კვებით უზრუნველყოფდა მაღაროელებს და ახალი ტენდერი გამოაცხადა.
„ამ საცხოვრისში 200 მაღაროელი თავსდება. აქ არიან ვახტურ რეჟიმზე მომუშავეები. ჰიგიენური პრობლემები აქ არ არის. მოწესრიგებულია სამზარეულო. საშუალო ხელფასი 900-დან 1400 ლარამდეა. რაც შეეხება კვებასთან არსებულ პრეტენზიებს, ეს ძირითადად ულუფის რაოდენობას და მიწოდებას ეხებოდა. თუმცა, აქ არ ყოფილა მოწამვლის შემთხვევები და სურსათის უვნებლობას არანაირი პრეტენზია არ ჰქონია.
სახელფასო ფონდი საკმაოდ მაღალია. მარტო ხელფასის ნაწილში ყოველთვიურად კომპანია სამი მილიონ 175 ათას ლარს ხარჯავს. ამას ემატება ყოველთვიური 225 000 ტრანსპორტირების ხარჯი. 1 700 მშრალი ულუფა 130 000 ლარს შეადგენს. ვახტურ რეჟიმზე კვება 100 000 ლარს შეადგენს. ამას ემატება დაზღვევის პაკეტი, ყოველთვიურად 155 000 ლარი. ეს კი, ჯამში სამი მილიონ 780 ათას ლარს შეადგენს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელფასის 25-პროცენტიანი ზრდა არის ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზება”, – განაცხადა “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას აგრძელებენ.
დღეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, უკანონო გაფიცვის მონაწილედ მიიჩნევა.