კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს.
წერილში კომპანიის გენერალური დირექტორი დევნასა და შევიწროებაზე საუბრობს.
კომპანია მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა, როგორც წერილშია ნათქვამი, კომპანიას მიეცეს საშუალება, უსაფრთხო გარემოში აწარმოოს ნავთობის და გაზის მოპოვება, მისი რეალიზაცია.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, როგორც თქვენთვის ცნობილია კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ“ 1997 წელს გაიმარჯვა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში და მოიპოვა წიაღით სარგებლობის ლიცენზია, რაშიც 60 მილიონი გადაიხადა. ამის შემდგომ საქართველოს ეკონომიკაში განახორციელა ორი მილიარდი ლარის ინვესტიცია და ქვეყანას გაუჩინა ენერგოდამოუკიდებლობის უპრეცედენტო პერსპექტივა.
მიუხედავად ამისა, კომპანიის წინააღმდეგ 2013 წლიდან დაწყებული დევნა და შევიწროება კიდევ უფრო აგრესიული გახდა. მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტრომ 45 მილიონი ლარი დახარჯა მათ მიერვე საერთაშორისო არბიტრაჟში დაწყებულ დავაზე, რომელსაც ლიკვიდაციაში მყოფ კომპანიასთან უშედეგოდ აწარმოებდა, (სახელმწიფო თანხების ფლანგვის მსგავსი მაგალითი არც კი იძებნება), თქვენმა ადმინისტრაციამ ახლა საქართველოს სასამართლო ჩართო საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ 1997 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს დავების განხილვას მხოლოდ საერთაშორისო არბიტრაჟში.
ეკონომიკის მინისტრის დავალებით საქმეს განიხილავს არაგანსჯადი სასამართლო, სადაც მთავრობასთან აფილირებული და მოსამართლედ უვადოდ გამწესებული პოლიციის ლეიტენანტი გ.ბერაია და სუს-ის გასაჯაროებული ფაილებით კარგად ცნობილი მოსამართლე გ.ქირია, უკანონო გადაწყვეტილებების მისაღებად არიან ამ პროცესში ჩართული. მოსამართლე ა. კოჭლამაზაშვილმა „თავისი ინიციატივით“, მოდავე მხარეების მოთხოვნის გარეშე, მოახდინა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და კომპანიას აუკრძალა ნავთობის და გაზის გაყიდვა, რასაც 24 წლის განმავლობაში ახორციელებდა. ეს ხელისუფლების მიერ სასამართლოს იარაღად გამოყენების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია.
ამ უკანონო გადაწყვეტილებების უკან თქვენი კაბინეტის მაღალი თანამდებობის პირები დგანან, ეს ხალხი სისტემატურად ძალადობს კომპანიის თანამშრომლებზე, ავიწროებს კომპანიას და უზღუდავენ შესაძლებლობას, რომ კონტრაქტის და წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მიხედვით განახორციელოს საქმიანობა. ისინი პირადად ავრცელებენ დეზინფორმაციას და ემუქრებიან ხალხს, რომ არ გავიდნენ სამუშაო ადგილებზე, სიცრუით და შანტაჟით აშინებენ ადამიანებს, რომ რამენაირად შეაჩერონ ნავთობის და გაზის ოპერაციები.
ამასთან ერთად, შეგნებულად აწვდიან ცრუ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს. ეს ყველაფერი ამერიკული და ევროპული კომპანიებისა და ინვესტიციების საქართველოდან გაძევების და თქვენი ადმინისტრაციის ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია, რაც უკიდურესად დამაზიანებელია ქვეყნის განვითარებისთვის.
სხვათა შორის, ამ განუკითხაობას დიდი წილად ადგილი აქვს თქვენს მშობლიურ დედოფლისყაროს რაიონში, სადაც კომპანია 24 წელია რაც ნავთობის ოპერაციებს აწარმოებს და ყველაზე დიდი დამსაქმებელია.
ბატონო პრემიერ მინისტრო, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ აღკვეთოთ ეს უკანონობა. უზრუნველყოთ თქვენი ადმინისტრაციის და ხელქვეითების მიერ ხალხისა და კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონობა, დევნა და ძალადობა. მოგიწოდებთ მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა კომპანიას მიეცეს საშუალება უსაფრთხო გარემოში აწარმოოს ნავთობის და გაზის მოპოვება და მისი რეალიზაცია. მზად ვარ შეგხვდეთ თქვენთვის სასურველ დროს დამატებითი ინფორმაციის მოსაწოდებლად“,- აღნიშნულია კომპანიის გენერალური დირექტორის წერილში.