კომპანია „ენკაში“ აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ნებართვებისა და პროექტის დაგეგმარების თვალსაზრისით შეცდომა არ დაშვებულა
კომპანია „ენკაში“ აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ნებართვებისა და პროექტის დაგეგმარების თვალსაზრისით შეცდომა არ დაშვებულა

მერწმუნეთ, ტექნიკური თვალსაზრისით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეცდომა არაფერში დაშვებულა, არც ნებართვების და არც პროექტის დაგეგმარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ კომპანია „ენკას“ აღმასრულებელმა მენეჯერმა, მერაბ ლომინაძემ ჟურნალისტებს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

პროექტის მოწინააღმდეგეებთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ ყველა მხარესთან შეჯერდება პოზიციები, რომელიც მოქმედებს არა ვიღაცის დაკვეთით, არამედ ქვეყნის ინტერესებით.

„მსგავსი მასშტაბის პროექტი საქართველოში არ განხორციელებულა დამოუკიდებლობის დღიდან. ამ პროექტს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, რომელიც დღეს გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე. პროექტის დაწყებამდე კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ნებართვა, რომელიც აუცილებელი იყო ამ მის განსახორციელებლად, თუმცა მისი გლობალური მასშტაბიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით ჩატარდა დამატებითი კვლევები, რათა ეს პროექტი შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც ამ ნორვეგიულ-თურქულ კონსორციუმს ჰქონდა თავისთვის დაწესებული.

ცხადია, იყო კომუნიკაციის ნაკლებობა როგორც საზოგადოებასთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან, რამაც გააჩინა არაერთი კითხვა. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კომპანია „ენკამ“ განაცხადა სრული მზადყოფნა, რომ დამატებით განხორციელებულიყო კვლევები და ეს კვლევები მიმდინარეობს. თუმცა პროექტის განსახორციელებლად  ამ კვლევების აუცილებლობა რეალურად არ არსებობს. საუბარი იმაზე, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უკეთ შესწავლილი პროექტი საქართველოს ენერგეტიკაში. დღეს უბრალოდ ხდება იმ შედეგების ვერიფიკაცია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტის მიერ, რომლის მიმართაც ქართულ საზოგადოებას აქვს ნდობა.

ვითვალისწინებთ, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო კონსორციუმი, ჩვენ ვართ ძალიან მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით მომუშავე კომპანია, აქედან გამომდინარე, სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენთვის არახალია, კარგად ვგრძნობთ ამას და გამოვხატავთ სრულ მზაობას. აქ არის საუბარი იმაზე, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს გარემოსდაცვითი ასპექტების ვერიფიკაცია“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

მისივე თქმით, კომპანია „ენკა“ მზადყოფნას გამოთქვამს, ესაუბროს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პროექტის მოწინააღმდეგეებს და მათ მიაწოდოს ყველანაირი ინფორმაცია.

„რასაკვირველია, ჩვენ ღია ვართ, რომ ვესაუბროთ აბსოლუტურად ყველას და მათ ავუხსნათ, მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია, რათა გაკეთდეს შესაბამისი დასკვნები. აუცილებლად იქნება შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის იმ ჯგუფებთან და იმ ადამიანებთან, ვინც ეწინააღმდეგებიან არა მხოლოდ ამ პროექტს, არამედ ზოგადად ჰესების მშენებლობას. ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, გონივრულობის ფარგლებში მაქვს საუბარი, ვისთანაც ვერ მოხდება შეთანხმება იმ კონცეპტუალურ, გლობალურ საკითხებზე, რომელიც ეხება ქვეყნის დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებას და მომავალს. დარწმუნებული ვარ, ყველა იმ მხარესთან შეჯერდება პოზიციები, რომელიც მოქმედებს არა ვიღაცის დაკვეთით, არამედ ერთი დღის წესრიგით, რომელსაც ამ ქვეყნის კეთილდღეობა ჰქვია.

მერწმუნეთ, რომ ტექნიკური თვალსაზრისით შეცდომა არაფერში არ არის დაშვებული, არც ნებართვების და არც პროექტის დაგეგმარების თვალსაზრისით. მზად ვართ, აბსოლუტურად ღიად წარმოვაჩინოთ ყველა დოკუმენტი“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.