ზურა ჯაფარიძე - „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა არის ტრაგედია ამ ქვეყნისთვის, არავინ ფულს აქ აღარ ჩადებს
ზურა ჯაფარიძე - „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა არის ტრაგედია ამ ქვეყნისთვის, არავინ ფულს აქ აღარ ჩადებს

ეს არის ტრაგედია ამ ქვეყნისთვის, – ასე შესაფასა „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კომპანია „ენკას“ მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტრაქტის შეწყვეტა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ საქართველო არასანდო ქვეყანაა და ფულს აღარავინ ჩადებს.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ არასანდო ქვეყანა, მოგვიწევს რამდენიმე მილიონი ჯარიმის გადახდა, რადგან სავარაუდოდ წავაგებთ მაგ სასამართლოს. ამ ქვეყანაში ფულს აღარ ჩადებს არავინ, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება. ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი არის ის, რომ არ უნდოდათ განაწყენება იმ ხალხის, ვინც არ უჭერდა ამ პროექტს მხარს და არ უნდოდა ამ ხმების დაკარვა არჩევნებზე, ამის გამო მოითხოვეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, რისი უფლებაც არ ჰქონდათ და რის გამოც „ენკამ“ ხელშეკრულება გაწყვიტა. „ენკა“ წავა სასამართლოში, თუ უკვე წასული არ არის და ამ ქვეყანას მოუწევს ჯარიმის სახით რამდენიმე ასეული მილიონის გადახდა. ეს არის ჩვენი გადასახდელი, მაგის გარდა მთავარი პრობლემაა, რომ ეს ქვეყანა არასანდოა, ამ ხელისუფლების პირობებში არავინ ფულს აქ აღარ ჩადებს“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენი კომპანიის შვილობილმა, ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების, მშენებლობის, მართვისა და ექსპლუატაციის შეთანხმებას, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. კომპანია ატყობინებს საქართველოს სახელმწიფოს ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო“, – აღნიშნულია კომპანია „ენკას“ განცხადებაში.