„ენკა რინიუებლზში“ -  მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით საჩივრის შინაარსს, კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს
„ენკა რინიუებლზში“ - მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით საჩივრის შინაარსს, კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს

კომპანია „ენკა რინიუებლზი“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სარჩელის საფუძველზე კომპანიის 5 000 ლარით დაჯარიმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, კომპანია მოქმედებს მისთვის ნებართვებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის შინაარს არ ეთანხმებიან, კომპანია არ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში

„ყველა თავის მოქმედებას ახორციელებს არსებული ნებართვების ფარგლებში, რაც დასტურდება შესაბამის უწყებებთან წარდგენილი საჭირო დოკუმენტაციით. კომპანიის ნებისმიერი აქტივობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ხორციელდება, როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ასევე შიდა მონიტორინგის სამსახურების მიერ, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით. სასამართლოში განხილული საკითხი უკავშირდება ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების ვადების განსხვავებულ ინტერპრეტაციას, 2020 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით. დღეისათვის, ყველა კითხვაზე გაცემულია პასუხი და შესაბამისად, ვთვლით, რომ საკითხი ამოწურულია. აქვე გვსურს, აღვნიშნოთ, რომ მხარეთა შორის მსგავსი საკითხების გადაწყვეტა რეგულირდება არსებული ხელშეკრულების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაერთგზის გავუგზავნეთ წერილობითი დასაბუთება და არგუმენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით საჩივრის შინაარსს, კომპანია არ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია მოქმედებს მისთვის ნებართვებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“, – აცხადებენ კომპანიაში.

წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ კომპანია ,,ენკას” მიმართ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სარჩელი სრულად დააკმაყოფულა და კომპანიას 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.