კომისია სამ არასრულწლოვანს გამოჰკითხავს, რომლებიც საგამოძიებო უწყებას არ დაუკითხავს
კომისია სამ არასრულწლოვანს გამოჰკითხავს, რომლებიც საგამოძიებო უწყებას არ დაუკითხავს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სამ არასრულწლოვანს გამოჰკითხავს, რომლებიც საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ დაუკითხავს, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ.

როგორც აბესაძემ განაცხადა, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომლისგანაც პროკურატურას ჩვენება არ მიუღია, საქმეში ფიგურანტების მეგობარი და უშუალო თვითმხილველია.

აბესაძის თქმით, მოწმეები მხოლოდ 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არ იქნებიან.

საგამოძიებო კომისია არასრულწლოვნებს 26-28 ივლისს გამოჰკითხავს.

გუშინდელ, მეცამეტე სხდომაზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების მოსმენა გაგრძელდა. კომისიამ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის, ქალაქ თბილისის პროკურორის მალხაზ კაპანაძისა და ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილის კონსტანტინე სირაძის ოფიციალური ახსნა-განმარტებები მოისმინა.

მოგვიანებით კი, კომისიის წევრებმა დახურულ რეჟიმში ორი არასრულწლოვნის ახსნა-განმარტება მოისმინეს.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, კომისიის მორიგი სხდომა 3 აგვისტოს გაიმართება, რომელზეც ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიიწვევენ.