კოლუმბიის სანაპიროსთან მე-18 საუკუნეში ჩაძირულ გემზე $17 მილიარდის განძია ჩატვირთული [ფოტოები] —#1tvმეცნიერება
12:41, 20.06.2022
კოლუმბიის არმია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ჩაძირული გემის ფოტოებს აქვეყნებს. წყალქვეშ ამ გემის ადგილმდებარეობა სამი საუკუნის განმავლობაში უცნობი იყო.
განძეულით დატვირთული ესპანური გალეონი „სან-ხოსე“ 1708 წელს, ესპანური მემკვიდრეობისთვის ომის დროს ჩაძირა ბრიტანეთის ფლოტის გემმა.
გემის ეკიპაჟი დაახლოებით 600 ადამიანს შეადგენდა და მიჩნეულია, რომ სულ მცირე 200 ტონა განძი გადაჰქონდა, მათ შორის იყო ოქროსა და ვერცხლის მონეტები, ასევე ზურმუხტები, რომელთა ღირებულება დღევანდელი ფასით 17 მილიარდ აშშ დოლარამდე უნდა იყოს.
ამ გემს ხშირად „ჩაძირულ გემთა წმინდა გრაალს“ უწოდებენ. 2015 წელს ის კოლუმბიის საზღვაო ძალებმა ქალაქ კარტახენის სანაპიროსთან იპოვეს და ზუსტი ადგილმდებარეობა გაასაიდუმლოვეს.
რამდენიმე დღის წინ, კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ ჩაძირული გემის ჯერ არნახული ფოტო-ვიდეომასალა გამოაქვეყნა.
ფოტოებში ჩანს მრავალი ახლად აღმოჩენილი განძი, მათ შორის ჩინური კერამიკა, ოქროს მონეტები, ხმლები და ზარბაზნები.
„იდეა მდგომარეობს აღდგენასა და მომავალში ამოღებისათვის საჭირო მდგრადი ფინანსური მექანიზმის შექმნაში. ამ გზით, ჩვენ დავიცავთ განძს, გალეონ „სან ხოსეს“ მემკვიდრეობას“, — განაცხადა დუკემ პრესკონფერენციაზე.
ხელისუფლების განცხადებით, ვიდეო და ფოტოები დისტანციურად მომუშავე თანამედროვე აღჭურვილობამ გადაიღო, რომელიც დაახლოებით 1000 მეტრის სიღრმეში ჩავიდა გემის შესასწავლად.
ზარბაზნებზე არსებული წარწერები ცხადყოფს, რომ ისინი 1655 წელს არის დამზადებული ესპანეთის ქალაქ სევილიასა და კადისში.
კოლუმბიის საზღვაო ძალების ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ადმირალ ხოსე ხოაკინ ამესკიტას განცხადებით, ასევე აღმოჩენილია იმ დროისათვის ტიპური ოქროს მონეტები.
როგორც კოლუმბიის პრეზიდენტმა აღნიშნა, გემის მონიტორინგისას, მის სიახლოვეს ასევე აღმოაჩინეს კიდევ ორი სხვა ჩაძირული ხომალდი — კოლონიური ნავი და შხუნა, რომელიც 1800-იანი წლებს უნდა ეკუთვნოდეს.
აღმოჩენის შემდეგ, „სან ხოსეს“ ირგვლივ სამემკვიდრეო ბრძოლა გაჩაღდა.
კოლუმბიამ ჩაძირული გემი თავის საკუთრებად გამოაცხადა; ყოფილმა პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა 2013 წელს ხელი მოაწერა კანონს ჩაძირული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, კოლუმბიის ტერიტორიულ წყლებში აღმოჩენილი არტეფაქტები ამ ქვეყანას ეკუთვნის.
თუმცა, გემზე პრეტენზიას აცხადებს ესპანეთიც, რომელიც აღნიშნავს, რომ გემი მისი საკუთრება იყო და საკუთარ პრეტენზიის დასაცავად იუნესკო-ს წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის კონვენციას იშველიებს.
საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტიც, რომ გემის განძის დიდი ნაწილი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან იყო წაღებული, რომელთაგან ზოგიერთს ასევე შეიძლება გაუჩნდეს მასზე პრეტენზია.